უბნების 8.3% -ზე ფიზიკური/სიტყვიერი დაპირისპირება იყო | ISFED-ის შემაჯამებელი განცხადება

პუბლიკა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს აქვეყნებს, ასევე ხმის დათვლის პროცესსა და არჩევნებს აფასებს.

ამ დროისათვის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ სამივე დონის საარჩევნო კომისიებში შეტანილია 260-მდე საჩივარი. 60 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

ხმების პარალელური დათვლის მონაცემებით (ეროვნული დონე):

  • საარჩევნო უბნების 99.2%-ზე არ დაფიქსირებულა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შემთხვევები;
  • ხმის დათვლის პროცესში, საარჩევნო უბნების 99.2%-ზე ფუნქციები კომისიის წევრებს შორის წილისყრის პროცედურის დაცვით გადანაწილდა;
  • საარჩევნო უბნების 99.6%-ზე ბიულეტენების დათვლის და გამოცხადების პროცედურა გამჭვირვალედ წარიმართა;
  • საარჩევნო უბნების 98.8%-ზე საარჩევნო მასალები კანონით დადგენილი წესის შესაბამისად დაილუქა.

დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით (თბილისი)

  • თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ თბილისში ახალი სახის კენჭისყრის კაბინები (დაბალი და ღია პანელით) შემოიღო. აღნიშნული კაბინები თბილისის უბნების 96.6%-ზე ფიქსირდებოდა. ძველი კაბინები იდგა უბნების 3.4%-ზე;
  • საარჩევნო უბნების 99.4%-ზე არ დაფიქსირებულა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შემთხვევები;
  • ხმის დათვლის პროცესში, საარჩევნო უბნების 99.3%-ზე ფუნქციები კომისიის წევრებს შორის წილისყრის პროცედურის დაცვით გადანაწილდა;
  • საარჩევნო უბნების 99.1%-ზე ბიულეტენების დათვლის და გამოცხადების პროცედურა გამჭვირვალედ წარიმართა;
  • საარჩევნო უბნების 98.8%-ზე საარჩევნო მასალები კანონით დადგენილი წესის შესაბამისად დაილუქა.

გარე დაკვირვების სტატისტიკა PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით

„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია შერჩევაში მოხვედრილი 120 უბნიდან სრულად მიიღო. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად:

  • უბნების 20.8%-ზე პირთა საეჭვო შეკრება შეინიშნებოდა 100 მეტრამდე პერიმეტრში. უბნების 10.8%-ზე შეკრება 100 მეტრის გარეთ ხდებოდა, ხოლო უბნების 8.3%-ში, შეკრება პერიმეტრს შიგნითაც და გარეთაც შეინიშნებოდა. გარე დაკვირვების უბნების 59.2%-ზე, უბნის მიმდებარედ პირთა საეჭვო შეკრება არ გამოვლინდა;

  • გარე დაკვირვების უბნების 11.7%-ზე, ამომრჩეველთა აღრიცხვა 100 მეტრამდე პერიმეტრში მიმდინარეობდა. უბნების 5.8%-ზე აღრიცხვა ხდებოდა 100 მეტრის გარეთ, ხოლო უბნების 3.3%-ზე აღრიცხვა პერიმეტრს შიგნითაც და გარეთაც შეინიშნებოდა; უბნების 78.3%-ზე, უბნის მიმდებარედ პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების ან სხვა აქტორების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა არ გამოვლენილა;

  • უბნების 8.3%-ზე, გამოვლინდა ფიზიკური/სიტყვიერი დაპირისპირების შემთხვევები. ზეწოლა/მუქარისა და მოსყიდვის შემთხვევები დაფიქსირდა უბნების 8.3%-ზე და 4.2%-ზე, შესაბამისად. აღნიშნული დარღვევები არ დაფიქსირებულა უბნების 81.7%-ზე;

  • გარე დაკვირვების უბნების 60%-ზე, უბნის მიმდებარედ პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ;

  • უბნების 94.9%-ზე, საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის დაშორებით, სააგიტაციო მასალა/კედლის გრაფიტი განთავსებული არ ყოფილა. კამპანიის მასალების განთავსების ფაქტი უბნების 5.1%-ზე დაფიქსირდა;

  • უბნების 77.5%-ზე ამომრჩეველთა ორგანიზებული და არაერთჯერადი მობილიზება/ტრანსპორტირება საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად არ დაფიქსირებულა. აღნიშნული შემთხვევები უბნების 22.5%-ზე გამოვლინდა.