უბნების ბათილობაზე „ჩემი ხმის“ სარჩელების ნაწილი სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს

პუბლიკა

კოალიცია „ჩემმა ხმამ“ 16 რაიონულ და საქალაქო სასამართლოში 29 სარჩელი შეიტანა 246 საარჩევნო უბნის ბათილობის მოთხოვნით.

იურისტი თამთა კახიძე „პუბლიკას“ ეუბნება, რომ სასამართლოებმა განიხილეს 24 სარჩელი, დღეს კი დარჩენილია 5 სარჩელის განხილვა.

თამთა კახიძის თქმით, სასამართლოების ნაწილმა გადაწყვეტილება გუშინვე გამოაცხადა და ბათილობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ნაწილი კი დღეს გამოაცხადებს. დღეს განსახილველი 5 სარჩელის შედეგი, შესაძლოა, ხვალ გამოცხადდეს. დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.

„5 სარჩელის განხილვა დარჩა დღეს 5 ოლქზე. სულ 29 ოლქი გვქონდა გასაჩივრებული. დანარჩენი გუშინ განიხილეს. ნაწილზე გამოცხადდა გადაწყვეტილება და არ დაკმაყოფილდა ბათილობის მოთხოვნა. ნაწილზე დღეს გამოცხადდება და გავიგებთ შედეგებს. პროცესი, ფაქტობრივად, დღეს დასრულდება პირველ ინსტანციებში და გასაჩივრდება ხვალ სააპელაციოებში.

ყველას შედეგი [დღის ბოლოს] შეიძლება, არ ვიცოდეთ, დღევანდელი 5 სარჩელის გამოცხადება, შეიძლება, გადადონ. დანარჩენ 24-ზე დღეს აუცილებლად გვეცოდინება გვიან“, – უთხრა ადვოკატმა „პუბლიკას“.

სასამართლო დავებს აწარმოებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.

ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, არც თბილისის საქალაქო სასამართლომ და არც სხვა სასამართლოებმა მათი სარჩელები არ დააკმაყოფილეს.

საიას სარჩელების განხილვა დღესაც გრძელდება.

თეთრიწყაროს სასამართლოში მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ხმის მიცემის იმიტაციის ჩატარებას გეგმავს, რათა გადამოწმდეს, იყო თუ არა ხმის მიცემის ფარულობა დაცული.