„უჭირთ აზრების მკაფიოდ გამოხატვა, წერა და კრიტიკული აზროვნება“ - რას ამბობს UNICEF-ის კვლევა საქართველოს ახალგაზრდების უნარებზე

პუბლიკა

მოზარდები აწყდებიან მნიშვნელოვან გამოწვევებს წიგნიერებაში, განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი აზრების მკაფიოდ გამოხატვა, წერა და კრიტიკული აზროვნება — გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწვევები, მრავალმხრივია და მოიცავს წიგნიერებას, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით განათლებას, ციფრულ კომპეტენციებს, პიროვნულ განვითარებას, მოქალაქეობას, მენტალურ ჯანმრთელობას და სხვა.

კვლევის მთავარი მიგნებები რამდენიმე მცირე ქვეთავადაა დაყოფილი.

უშუალოდ წიგნიერების მიმართულებით კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ: 

ახალგაზრდები დიდ გამოწვევებს აწყდებიან წერა-კითხვასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აზრების ფორმულირებასა და ნათლად გამოხატვაში.

კვლევის მონაწილეთა მეოთხედს გაუჭირდა აზრების დალაგებულად გადმოცემა და ხშირად იყენებდნენ მარტივ, მწირ ლექსიკას ან სრულად ვერ გამოხატავდნენ თავიანთ სათქმელს, რაც ხშირ შემთხვევაში მათში ფრუსტრაციასა და მღელვარებას იწვევდა.

წერილობითი უნარები გამორჩეულად პრობლემური სფერო გამოდგა, განსაკუთრებით ენობრივი უმცირესობებისთვის, რომელთა სახელმწიფო ენის ცოდნის დონე არასაკმარისი იყო აკადემიური დავალებებისთვის თავის გასართმევად.

მონაწილეთა მესამედს გაუჭირდა დამაჯერებელი, დასაბუთებული არგუმენტების მოყვანა, რაც კრიტიკულ აზროვნებასა და დებატებში გამოცდილების ნაკლებობაზე მიანიშნებდა.

მონაწილეთა უმეტესობა ახერხებდა საუბრის შინაარსის მიდევნებას და დისკუსიაში მონაწილეობას, თუმცა მნიშვნელოვან ნაწილს უჭირდა სხარტად საუბარი, საუბრის დროს გრამატიკულ შეცდომებს უშვებდა და ჟარგონებს იყენებდა.

კვლევის ძირითად მიგნებებში ყურადღება ასევე გამახვილებულია იმაზეც, რომ მართალია, მოზარდები აღიარებენ STEM-ის (ზუსტი და საბუნებისეტყველო მეცნიერებების) მნიშვნელობას, მაგრამ მათი გაგება შეზღუდულია, განსაკუთრებით, მეცნიერების პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით.

მიუხედავად კარგი ციფრული უნარებისა, მოზარდები აწყდებიან გამოწვევებს კიბერუსაფრთხოების, სოციალური მედიის წიგნიერებისა და ციფრული საფრთხეების მიმართულებით.

მოზარდები აწყდებიან სირთულეებს თვითრეფლექსიის, კარიერასთან დაკავშირებული კონსულტაციისა და პიროვნული ზრდის მიმართულებით; ხშირად დემოტივირებულნი არიან საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო სტრუქტურებთან მიმართებით.

მენტალური ჯანმრთელობა რჩება კრიტიკულ საკითხად, შეზღუდული ხელმისაწვდომობით სერვისებზე და მეტი განათლების საჭიროებით ამ თემაზე.

გაეროს ბავშვთა ფონდში მიაჩნიათ, რომ მოსწავლეებში ძირითადი კომპეტენციების ეფექტიანად განვითარებისათვის აუცილებელია ფორმალური განათლების გაძლიერება სკოლამდელი განათლებიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით და არაფორმალური საგანმანათლებლო შესაძლებლობების მხარდაჭერა, განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფებისთვის.

ასევე, კარიერული განათლების მხარდაჭერა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში, აუცილებელია ახალგაზრდების ყოვლისმომცველი განვითარებისათვის.

გაეროს ბავშვთა ფონდმა საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით და სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ბავშვთა უფლებების ცენტრებთან პარტნიორობით, ჩაატარა მიზნობრივი კვლევა მოზარდების უნარებისა და ძირითადი კომპეტენციების შესახებ საქართველოს შვიდ რეგიონში. კვლევის მიზანი იყო უწყვეტი განათლებისთვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების შეფასება ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე.

კვლევა ჩატარდა 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ახალციხესა და ახალქალაქში და მასში გამოყენებული იყო შერეული მეთოდების მიდგომა, მეტწილად ხარისხობრივი მეთოდები, რასაც დაემატა რაოდენობრივი მონაცემები საჭიროების შესაბამისად.

კვლევაში მონაწილეობდა 18-20 წლის, სხვადასხვა გამოცდილების მქონე 155 სტუდენტი, როგორც სოფლებიდან, ასევე ქალაქებიდან, განსხვავებული აკადემიური მოსწრებისა და ეთნიკური ჯგუფებიდან.