მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე ისაუბრა.
„დღევანდელი მაჩვენებლი არის ძალიან საყურადღებო, ჩვენ ამას შევისწავლით განსაკუთრებით, რადგან გარკვეული მატება ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო, თუმცა გარკვეულწილად უჩვეულოდ მაღალი მატებაა დღევანდელი ციფრი, თუნდაც სამშაბათის ციფრების დაგროვებიდან გამომდინარეც კი. ამას კიდევ, რა თქმა უნდა, დამატებით მოკვლევა მოჰყვება.
საერთოდ ბოლო რამდენიმე დღეა 2500 -დან 3000-მდე მერყეობს მაჩვენებლების რაოდენობა, ბუნებრივია, ახლა ამას ხელს უწყბს მობილობა, ხელს უწყობს აცრების შედარებით მაინც დაბალი მაჩვენებელი, რადგან არ არის საკმარისი ის იმუნური ფენა, რომელიც ჩვენ დღეს ჩამოგვიყალიბდა იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შეუშალოს, “- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი.
გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან თბილისში დაფიქსირდა 1 359 ახალი შემთხვევა, იმერეთში – 1060, კახეთში – 617.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.01%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.98%.