უცხო პირმა დიღმის პოლიციის შენობასთან ასფალტზე პროტესტის ნიშნად წარწერა დატოვა

პუბლიკა

„ამ ცხოვრების დედაც”, – უცხო პირმა დიღმის პოლიციის შენობასთან ასფალტზე პროტესტის ნიშნად წარწერა დატოვა.

ამ ფორმით უცნობმა მოქალაქემ დიღმის მასივის პოლიციის განყოფილებაში მოზარდ ბიჭზე დაკითხვის დროს განხორციელებული შესაძლო ძალადობა გააპროტესტა.

„ამ წარწერას ავტორი არ ჰყავს, რადგან ეს იმ ბავშვის წარწერის გამეორებაა, რომელიც პოლიციამ თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ეს წარწერა ყველა პოლიციის შენობასთან, ქალაქის ყველა კედელზე უნდა გაჩნდეს, როგორც შეხსენება, რომ ქვეყანაში კვლავ მოძალადე პოლიცია გვყავს, პოლიცია, რომელსაც ბავშვები თვითმკვლელობამდე მიჰყავს”, – ამბობს „პუბლიკასთან” პირი, რომელიც სოციალურ ქსელში დიღმის პოლიციის შენობასთან მოხატული ასფალტის ფოტოებს ავრცელებს.

10 დეკემებრს დიღმის პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა 15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და მეცხრე სართულიდან გადმოხტა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედელის მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

ექიმების ცნობით, 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ექიმის ცნობით, არასრულწლოვანი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.