ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფასებს უცხო ქვეყნის მოქალაქის სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე საქართველოში მიმდინარე გამოძიების პროცესს და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას დროული, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას სთხოვს.
„ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ვ. პ. საქართველოში, სტუდენტური გაცვლითი პროგრამით 2019 წლიდან იმყოფებოდა. 2019 წლის 19 თებერვალს ის მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე იყო, სადაც ალკოჰოლი მიიღო და რატომღაც გონება დაკარგა. დილით სხეულზე და სასქესო ორგანოზე მძიმე დაზიანებები აღმოაჩინა. ვ.პ-ს მეგობარი იხსენებს, რომ ოთახში შესულებს ვ. პ. შიშველ და უგონო მდგომარეობაში დახვდათ, ვ.ქ. (სავარაუდო მოძალადე) ტანსაცმელს იცვამდა და დაადასტურა ვ.პ.-თან სექსუალური კავშირი. მომხდარი სავარაუდო გაუპატიურებაზე მიუთითებდა და ვ. პ.-მ პოლიციას მიმართა.
ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) დაიწყო. გამოძიების დაწყვებისთანავე განხორციელდა ვ.პ.-ს და მისი მეგობრების გამოკითხვა, რომელთაც დაადასტურეს, რომ ვ. ქ.-მ არანებაყოფლობით დაამყარა სქესობრივი კავშირი უგონო მდგომარეობაში მყოფ ვ. პ.-სთან. დაინიშნა სხვადასხვა, მათ შორის, ქიმიური და სამედიცინო ექსპერტიზა და დეტალურად აღიწერა ვ. პ-თვის მიყენებული მძიმე დაზიანებები. ამავე დროს, ვინაიდან ვ. ქ.-ს დაკავება სათანადო მტკიცებულებითი სტანდარტის მიღწევამდე ვერ განხორციელდებოდა, შსს-მ უზრუნველყო შემაკავებელი ორდერის გამოცემა და ვ. ქ.-ს აეკრძალა ვ. პ.-თან მიახლოება, ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია.
გამოძიების დაწყების მიუხედავად, პროკურატურამ არ უზრუნველყო ვ. პ.-ს დაზარალებულად ცნობა, შესაბამისად, მის ადვოკატებს არ მოგვეცა შესაძლებლობა გავცნობოდით სისხლის სამართლის საქმის მასალებს, “- ამბობენ EMC-ში.
ორგანიზაციამ ვ.პ.-ს დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით პროკურატურას რამდენჯერმე მიმართა: “გამოძიების საწყის ეტაპზე პროკურატურა გვითითებდა, რომ საქმეზე დანიშნული იყო ექსპერტიზა, რომლის შედეგების შემდგომ მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება ვ. პ.-ს დაზარალებულად ცნობაზე. თუმცა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ქიმიური და სამედიცინო ექსპერტიზის შედეგი (თუმცა, ვ.პ.-ს და მის ადვოკატებს ექსპერტიზის შედეგები არ გაგვაცნეს), ვ. პ.-ს კვლავ არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. უარის თქმის საფუძვლად კი მიეთითა ის გარემოება, რომ გამოძიების მიმდინარეობისას არ გამოვლენილა ვ. პ.-ს გაუპატიურების რეალური ფაქტი”.
ორგანიზაცაში ამბობენ, რომ პროკურორის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი EMC-ის საჩივარი არც ზემდგომი პროკურორის და არც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა. ორივე შემთხვევაში, კვლავ მიეთითა ზედაპირული განმარტება, რომ საქმის გარემოებები არ ჰქმნიდა რეალურ სურათს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად და ექსპერტიზის დასკვნა არ ჰქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს დაზარალებულთან მიმართებით ამგვარი განმარტების მიუხედავად, არც პროკურატურა და არც სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებებში არ ასახელებს კონკრეტულ გარემოებებს, რის გამოც შეუძლებელია ამ საქმეზე მიღებული იქნეს შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
„საგამოძიებო ორგანომ, გამოძიების საწყის ეტაპზე, ვ. პ.-ს არ შესთავაზა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სერვისი და არ უზრუნველყო სხვადასხვა სერვისზე ინფორმაციის მიწოდება. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, პროკურორთან ერთად, მხოლოდ ადვოკატის მოთხოვნით შეხვდა დანაშაულის მსხვერპლს და საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის განმარტებებით შემოიფარგლა.
აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ვ.ქ.-ს დაკავება არ განხორციელებულა, მას ვ.პ.-თან საერთო გარემოში, უნივერსიტეტში ერთ სივრცეში უწევდა ყოფნა, რაც ვ.პ-ზე განმეორებითი ძალადობის შესაძლებლობის რისკს ჰქმნიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ EMC-ის და ვ. პ.-ს დაჟინებული მოთხოვნით მიიღო შემაკავებელი ორდერის გამოცემის გადაწყვეტილება.
მეორეული ვიქტიმიზაციზაციას ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საპროცესო მოქმედებების შედეგის დადგომა არსებითად გაჭიანურდა. მაგალითად, სამედიცინო ექსპერტიზის შედეგი 2019 წლის დეკემბრის თვეში, მომხდარიდან 10 თვის შემდგომ გახდა გამოძიებისთვის ცნობილი. ექსპერტიზის შედეგების გაცნობა კი დანაშაულის მსხვერპლისთვის არ განხორციელდა, რამაც იგი კვლავ გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვა, -” ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის შეფასებით, ზემოთ აღწერილი გარემოებები აჩვენებს, რომ ვ.პ.-ს სავარაუდოდ გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება არაეფექტურია, ამ დრომდე არ ხდება დანაშაულისა და შესაძლო დამნაშავის იდენტიფიცირება, რასაც თან ახლავს დანაშაულის მსხვერპლის არასათანადო ინფორმირებისა და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა პროკურატურისა და სასამართლოს მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს:
პროკურატურას
- საქმის გარემოებების, ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგების გაცნობის მიზნით მოახდინოს ვ.პ-ს ინტერესების დამცველთა ინფორმირება;
- უზრუნველყოს ვ.პ-ს დაზარალებულად ცნობა და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
- უზრუნველყოს პოლიციის განყოფილებებში სქესობრივ დანაშაულთა სავარაუდო მსხვერპლთათვის ადეკვატური გარემოსა და მოპყრობის პრაქტიკის შექმნა;
- გაიაზროს დანაშაულის მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაციის მაღალი რისკები და უზრუნველყოს ინსტიტუციური და სოციალური ზომების გატარება მისი თავიდან აცილების მიზნით.