„რაც შეეხება ამ კანონს, ჩემი პირადი აზრია და არა ჩვენი პარტიის აზრი, რომ, როდესაც ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებისა, მე ამას, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები“, – ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რუსულ კანონზე საუბრისას.
„ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნები – რუსეთის, ამერიკის, აფრიკის თუ აზიის. აგენტი არის აგენტი. აგენტის ქმედება არის დასჯადი, ეს არის ღალატი. ამაზე უნდა იყოს საუბარი. დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, შეიძლება თუ არა, მეგობარი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ვიყო.
ეს ხომ კატასტროფაა? ამას თავში რომ დაუშვებს კაცი, მისი საქმე წასულია უკვე. როგორ შეიძლება, საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარებაზე? ინტერესი არსებობს ერთი – საქართველოს ინტერესი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს დიალოგი პარტნიორებთან, „ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან“.
„აუცილებელია დიალოგის გაგრძელება, საუბარი. რა თქმა უნდა, მე ვარ მომხრე იმისა, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა. ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის“, – ამბობს ღარიბაშვილი.