გელათის სამონასტრო კომპლექსში უცხოელი ექსპერტები – კედლის მხატვრობისა და მოზაიკის სპეციალისტები ჩავიდნენ. ისინი მონასტრის მდგომარეობის შესწავლას იწყებენ.
ჩამოსული ექსპერტები საქართველოს საპატრიარქოს გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიერ მოწვეულ ჯგუფში შედიან. მათ სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი უნდა განახორციელონ.
ექსპერტები ამბობენ, რომ კომპლექსის სიღრმისეულ შესწავლას დრო სჭირდება. მათი თქმით, ჯერჯერობით, ვითარებას უნდა დააკვირდნენ და ამისთვის სავარაუდოდ 1 წელი დასჭირდებათ.
„გელათის მოზაიკა თავის თავზე თავად ლაპარაკობს. ცხადია, გვაქვს დანაკარგები. თუმცა, მდგომარეობა დამაიმედებელია. არ უნდა ვიჩქაროთ. დაკვირვება მნიშვნელოვანია. 1 წელი დაგვჭირდება დასაკვირვებლად, ჩარევები არ იგეგმება“, – თქვა რონერტ ნარდიმ, რომის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორმა „ფორმულასთან“.
„როცა საქმე კულტურულ მემკვიდრეობას ეხება, საჭიროა დრო. დრო იმისთვის, რომ შევაფასოთ მდგომარეობა. ყველაფერი წინაა“, – ამბობს რომის არქეოლოგიური კონსერვაციის ცენტრის წარმომადგენელი, ანდრეინა კონსტანცი კობაუ.
გელათის მონასტრის ტაძრებში 5-6 თებერვალს წყალი ჩავიდა. თავდაპირველად ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელმა, თორნიკე ბარათაშვილმა გაავრცელა. ეს მონასტერში წყლის ჩასვლის მესამე შემთხვევა იყო.
27 თებერვალს „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირმა“ გელათის რეაბილიტაციის პროცესში შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართეს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, კულტურის პროფკავშირის მიერ მოწოდებული და დამუშავებული საექსპერტო დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2021-2022 წლებში განხორციელებულმა ჩარევებმა გელათის კედლის მხატვრობაზე დამატებითი შეუქცევადი ზიანი გამოიწვია.
რა მოხდა გელათში?
გელათის სამონასტრო კომპლექსში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. 2018- 2019 წელს გელათში უხარისხოდ ჩატარებული გადახურვის სამუშაოების შედეგად წყალი ჩავიდა, რის გამოც კედლის მხატვრობა დაზიანდა.
2021 წლის ივნისში, წულუკიანის გამინისტრებიდან ორ თვეში, იტალიური ასოციაცია „სუარდოს” ექსპერტებმა ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის გეგმა შეადგინეს. ამ დასკვნაზე დაყრდნობით, გელათში გადაუდებელი კონსერვაციის სამუშაოები დაიწყეს. სამუშაოები მერაბ ბუჩუკურსა და მის გუნდს მიანდეს.
ფრესკების რესტავრაციაზე იტალიური ასოციაციის წარმოდგენილი გეგმა მაშინვე დაიწუნეს ქართველმა ექსპერტებმა. ქართველი სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სველ კედელზე სრული საკონსერვაციო სამუშაოების დაწყება საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა იყო და ძეგლის მდგომარეობას გააუარესებდა. კრიტიკა სამინისტრომ არ გაითვალისწინა და სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოების დაწყებიდან ერთი წლის თავზე საპატრიარქოს მოწვევით გელათში ამერიკელი ექსპერტები ჩამოვიდნენ. ექსპერტები სამონასტრო კომპლექსს 2022 წლის 30 აპრილიდან 4 მაისამდე სტუმრობდნენ. ამერიკელმა ექსპერტებმა საკონსერვაციო – სარესტავრაციო სამუშაოები გააკრიტიკეს, სამუშაოების შეჩერებისა და ახალი გეგმის შექმნის რეკომენდაცია გასცეს.
ამ დასკვნის მომზადებიდან მალევე, ოქტომბრის დასაწყისში, საპატრიარქოს მოთხოვნით კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები შეჩერდა.
ცნობილია, „icomos საქართველოს“ და ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნები. ორივე დასკვნა კრიტიკულად აფასებს მიმდინარე სამუშაოებს და პროფესიონალების მონაწილეობით სამუშაოების თავიდან დაგეგმვის რეკომენდაციას გასცემენ.
ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა 2023 წლის 30 იანვარს გახდა ცნობილი. სამინისტრომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და დასკვნას კვალიფიკაცია აკლია. ჩუბინაშვილის ცენტრს გამოექომაგა საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნა მათი თხოვნით მომზადდა და არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს.
2023 წლის თებერვალში გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრიარქომ გადაიბარა.