უცხოეთში მყოფი მოქალაქეები არჩევნებზე ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ - „ოცნების“ ინიციატივა

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს აანონსებს, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები არჩევნებში ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ. ამ საკითხზე დღეს „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

„არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, სად იმყოფება და სად ცხოვრობს, აქვს სრული პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლება. ამავე დროს, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც, ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.

ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას, უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს“, – ამბობს პაპუაშვილი.

მისი მტკიცებით, არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც „კარგად აჩვენა რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან“.

პაპუაშვილის აზრით, ამ მხრივ ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, „რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან“ და სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციებს.

„ამასთან, არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები“, – ამტკიცებს პაპუაშვილი.

„ოცნების“ პოზიციაა, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს“.

მისივე თქმით, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს: ირლანდიაში, მალტაში, ისრაელში, სომხეთში.

„არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში, როგორც აქამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა, ერთადერთი პირობა არის 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში“, – ამბობს პაპუაშვილი.