„უცხოური ძალისგან“ მაუწყებლების დაფინანსების აკრძალვის კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ ონლაინმედიის უცხოური დაფინანსების საკითხზე დასვა შეკითხვა.
„წარმოდგენილი კანონპროექტი ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ მაუწყებლებზე და მაუწყებლებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, დაფინანსდნენ უცხოური ძალისგან, უცხოეთიდან, რასაც თავისი ლოგიკა აქვს. ზუსტად ამავე ლოგიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, გარკვეულმა ძალებმა უცხოეთიდან დააფინანსონ ჩვენს ქვეყანაში ე.წ. ონლაინმედია, მათ შორის, თავისი ძირგამომთხრელი მიზნებიდან გამომდინარე.
ხომ არ უნდა იყოს აქაც რეგულაცია იმდაგვარი, რომ რასაც პოპულარულ ენაზე ონლაინმედიას ვუწოდებთ ხოლმე, მათზეც გავრცელდეს ანალოგიური შეზღუდვა, შესაბამისი, ვთქვათ, თუნდაც აკრედიტაციის თუ შესაბამისი რეგისტრაციის გამარტივებულ ფორმებთან დაკავშირებით რომ იყოს ჩანაწერი, ამავდროულად პასუხისმგებლობის სხვადასხვა ფორმა, გათვალისწინებული იმ მედიებისთვის, რომელიც აარიდებენ თავს ელემენტარულად რომ მათი თანხები იყოს გამჭვირვალობის ნაწილში ან ამავდროულად არ იღებდნენ შემოსავალს უცხოეთიდან“, – თქვა გორდულაძემ.
კანონპროექტის წარმდგენმა რატი იონათამიშვილმა გორდულაძის შეკითხვას „საინტერესო და აქტუალური“ უწოდა და განაცხადა, რომ იზიარებს მის სულისკვეთებას, თუმცა „ამ საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგებას სჭირდება ცვლილებები სხვადასხვა კანონში, პაკეტის სახით შემუშავება“ და დღევანდელ პროექტში მისი ინტეგრირება რთული იქნება.
„თუმცა გამოვთქვამ სრულ მზადყოფნას, რომ კანონშემოქმედებითი პროცესის თვალსაზრისით ვიმუშაოთ ამ საკითხების დარეგულირებაზე, ვინაიდან გეთანხმებით, როგორც ინფორმაციის წყარო და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის საშუალებად ინტერნეტმედიები კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენება, ვიდრე მაუწყებლობა“, – თქვა რატი იონათამიშვილმა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კი განაცხადა, რომ ონლაინმედიის უცხოური დაფინანსების საკითხის შესაძლო რეგულირებაზე მუშაობას რამდენიმე გამოწვევა ახლავს, მათ შორის, საკითხით სპეკულირება და აღსრულების ქმედითი მექანიზმების შემუშავება.
„ჩვენ გვაქვს რამდენიმე გამოწვევა ამ მიმართულებით – ერთი მხრივ, სპეკულაციის სივრცე არ უნდა მივცეთ არავის, რომ ზღუდავენ ამას, იმას, ესაა ერთი მხრივ გამოწვევა და მეორე გამოწვევაა, რეალური მიზანი იქნეს აღსრულებული.
რამდენიმე კითხვაა, ამ საკანონმდებლო პაკეტში თუ შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივაში საერთო კონტექსტში უნდა დავინახოთ ალბათ ერთი ის, რომ იკრძალება დაფინანსება უცხოეთიდან, მათ შორის, ეხება თუ არა ეს ონლაინმედიას, ონლაინმედიას რა სახით ეხება, ონლაინმედიასთან დაკავშირებით რეგულაციას საერთოდ აკეთებ თუ არ აკეთებ, თუ აკეთებ, რა ფორმით აკეთებ…
მერე, ონლაინმედია, მაგალითად, X.ge მოკლებულია შესაძლებლობას, უცხოეთიდან მიიღოს დაფინანსება, მაგრამ მაუწყებლობს ამ დაფინანსების პარალელურად ისე, რომ… თქვენ რეგულაციიდან როგორ ამოიღებთ ან როგორ ჩასვამთ, ამის მექანიზმი რა გვაქვს დღეს, წარმოდგენა არ აქვს არავის.
ეს ჩვენ კი არა, ევროპის ქვეყნებმა და აშშ-მა ვერ გადაწყვიტა.
ამის გვერდის ავლის მექანიზმებზე, რაც ონლაინმედიას შეეხება, რას ვაკეთებთ შემდგომში – სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვაწესებთ, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ვაწესებთ, ამის იდენტიფიცირება როგორ ხდება – ძალიან კომპლექსური საკითხია. მხოლოდ ამ საკითხის განხილვის დროს ეს გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება.
ან უნდა იყოს თუ არა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული სამსახურის ქვეშ ონლაინმედია – სამსჯელო თემებია. ალბათ, ერთ-ერთი პირველები უნდა ვიყოთ, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით და ამას სჭირდება ძალიან კომპლექსური მიდგომა. უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა, შემდგომში ერთი მხრივ ვიღაცამ სივრცე არ დაიტოვოს იმისთვის, ზღუდავენ თავისუფალ სიტყვასო და მეორე მხრივ, ობიექტურად, ნორმა რომ დაიწერება, იმის აღსრულების რა მექანიზმები გვაქვს, ამაზე ვიყოთ კარგად ჩამოყალიბებული“, – თქვა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური ძალისგან“ მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვას II მოსმენით მხარი დაუჭირა.
ცვლილების მიხედვით, იკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა).
ასევე, „მაუწყებლობის შესახებ” კანონის 65-ე მუხლს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.
ცვლილების თანახმად, იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.