83 მომხრე, 0 წინააღმდეგი – „ოცნების“ პარლამენტმა „უცხოური ძალისგან“ მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვას II მოსმენით მხარი დაუჭირა.
„ოცნებას” მედიის შემზღუდველი, რეპრესიული ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეაქვს.
ერთი ცვლილება კრძალავს „უცხოური ძალისგან“ მაუწყებლის დაფინანსებას, მეორე კი – მაუწყებელს განუსაზღვრავს მუშაობის სტანდარტებს და აფართოებს კომუნიკაციების კომისიის როლს.
კანონპროექტით, „უცხოური ძალა“ განიმარტება როგორც:
ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული;
დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
ცვლილების მიხედვით, იკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა).
ასევე, „მაუწყებლობის შესახებ” კანონის 65-ე მუხლს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.
ცვლილების თანახმად, იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.