უცხოური გავლენის აგენტის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა.
ბიუროს სხდომის პარალელურად პარლამენტის შენობაში მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ეს კანონპროექტი იმ რუსული კანონის ანალოგია, რომელმაც რუსეთში ჯერ შეზღუდა, შემდეგ კი გააქრო კრიტიკული მედია და ორგანიზაციები.
ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს, რომ ამ კანონის მიღება არადემოკრატიულია. მათ მოიშველიეს PACE-ს და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები.
კანონპროექტის მიღებას ემხრობიან „ევროპელი სოციალისტები“. „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ კი განაცხადა, რომ ის მის მიღებაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა თუ ხელისუფლება ამას გააკეთებს, ამის წინააღმდეგი არ იქნება.
საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა, მმართველი პარტია არ ემიჯნება.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელთა დაფინანსების გარკვეული ნაწილი უცხოეთიდან არის მიღებული, აგენტებად გამოცხადდებიან. მათ „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციის ვალდებულება ექნებათ. ასევე, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება. ასევე, სამინისტროს მიენიჭება დაჯარიმებისა და ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება.
სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს.