„უცხოური გავლენის აგენტზე“ კანონპროექტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება - ხუნდაძე

პუბლიკა

უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებული პრორუსული მოძრაობის, „ხალხის ძალის“ წევრები „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერებთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტებზე განხილვები და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ ორივე პროექტს, რის შემდეგაც ორივე დოკუმენტი გაეგზავნება ვენეციის კომისიას.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ პირველი მოსმენით მიღებამდე ქართულ ვარიანტში შევა რამდენიმე ტექნიკური შესწორება და დაზუსტდება უცხოური გავლენის აგენტთა წრე.

„მაგალითისთვის, კანონი არ გავრცელდება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე და სხვა. პირველი მოსმენით მიღებისთანავე, როგორც ქართული, ისე ამერიკული პროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. გამომდინარე იქიდან, რომ კანონი გვინდა სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე მივიღოთ, ვენეციის კომისიისგან მოვითხოვთ დაჩქარებული წესით დასკვნის წარმოდგენას. მათი რეკომენდაციების შესაბამისად მხარს დავუჭერთ და სამი მოსმენით ივნისის ბოლომდე მივიღებთ კანონპროექტის ქართულ ან ამერიკულ ვერსიას“, – განაცხადა მან.


საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა პრორუსულმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა. კანონპროექტის სულისკვეთებას მმართველი გუნდი იზიარებს. რამდენიმე დღეში მათ ალტერნატიული პროექტის ინიციირებაც დაანონსეს.