უცნაურია, ის ადამიანი, რომელიც შედის ძალიან ხშირად მიხეილ სააკაშვილთან, ახლა აღმოჩნდა რუსეთში - მდინარაძე

პუბლიკა

მინიმუმ, უცნაურია, ის ადამიანი, რომელიც შედის ძალიან ხშირად მიხეილ სააკაშვილთან, ახლა აღმოჩნდა რუსეთში და რუსეთის საპატრიარქოს ხელმძღვანელთან ანგელოზის დღის მისალოცად – ამბობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მოსკოვში ვიზიტის შეფასებისას.

მამუკა მდინარაძეს სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ შეაფასებდა ფაქტს, რომ „მიხეილ სააკაშვილის მოძღვარი, მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფებოდა და მან რუსეთის პატრიარქს მიულოცა ანგელოზის დღე. ანდრია ჯაღმაიძემ კი ინფორმაცია გაავრცელა, რომ მეუფე ნიკოლოზი საპატრიარქოდან არ გაუგზავნიათ“.

მდინარაძემ უპასუხა, რომ განსაკუთრებულ კომენტარს ვერ გააკეთებს, მაგრამ „უცნაურია, რომ ეს ადამიანი აღმოჩნდა საპატრიარქოს თანხმობის გარეშე თუ მისი ეგიდის გარეშე წასული რუსეთის პატრიარქთან“.

„ეს ჩემი შესაფასებელი შეიძლება, არც იყოს. ასეთი უცნაურობები ხშირად გვაქვს საინფორმაციო ველზე და დრო რომ გადის, ახსნაც აქვს, მაგრამ ნაჩქარევი კომენტარისგან თავს შევიკავებ. ხაზს გავუსვამ იმას, რომ მინიმუმ უცნაურია, ის ადამიანი, რომელიც შედის ძალიან ხშირად მიხეილ სააკაშვილთან, ახლა აღმოჩნდა რუსეთში და რუსეთის საპატრიარქოს ხელმძღვანელთან ანგელოზის დღის მისალოცად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, ამას, ალბათ, ახსნა ექნება. უცნაურობა ისაა, რომ საპატრიარქოს წარმოდგენა თუ არ აქვს, ეს არაა მარტივი ამბავი“, – განაცხადა მან.

მიტროპოლიტ ნიკოლოზის რუსეთში ყოფნის შესახებ მოსკოვის საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია.

„პუბლიკა“ საპატრიარქოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გვითხრა, რომ საპატრიარქოს ინფორმაცია არ ჰქონია მიტროპოლიტის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნულის შესახებ მათაც რუსეთის საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან და ფოტოებიდან გაიგეს.