„უცნობი“ და „აი იას“ მხარდამჭერები ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს თავდებში უდგებიან

პუბლიკა

მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებლები გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“ და ვატო შაქარაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ამის შესახებ მოძრაობის წევრებმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს.

გია გაჩეჩილაძე და ვატო შაქარაშვილი ამბობენ, რომ ისინი მზად არიან, თავდებში დაუდგნენ ბრალდებულებს 2000 ადამიანთან ერთად და აპირებენ ხელმოწერებით მივიდნენ სასამართლოში.

„სამი დღის წინ გამოქვეყნდა თავდებობის ელექტრონული დოკუმენტი და უკვე 2000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ეს ბიჭები უნდა დავიცვათ პოლიტ-მედია ტერორისგან“, – განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

ჟურნალისტის თავდასხმაში ბრალდებულების პროცესი ხვალ, 12 საათზე უნდა გაიმართოს.


ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი სასამართლომ  15 აპრილს პატიმრობაში დატოვა.

როგორც დაზარალებულის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულებისგან მომდინარე საფრთხეები კვლავ ძალაში რჩებოდა და ამიტომ, მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრათ.

გამოძიების ვერსიით, ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი ვახო სანაიას მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ. მათ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ. პროკურატურის თქმით, ვაჟა გიგაური სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სულიკო საყევარიშვილმა ძალადობა განახორციელა ვახო სანაიას თანმხლების მიმართ.

პროკურატურამ აღნიშნულ პირებს ბრალდება ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის მუხლებით წარუდგინა.

სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.