„უცნობი“ და გოგა ხაინდრავა ცდილობენ, შექმნან ფონი, რომ დამნაშავეები ციხიდან გამოვიდნენ“ - სანაია

პუბლიკა

საქალაქო სასამართლოში ჟურნალის ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საქალაქო სასამართლოში მივიდა მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“. მან სასამართლოში ხელმოწერები მიიტანა. ის ამბობს, რომ არ სჯერა ბრალდებულების დანაშაულის და ხელმომწერებთან ერთად მათ თავდებში უდგება.

ჟურნალისტი ვახო სანაია დღევანდელ პროცესს არ დაესწრება. მან ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ განაცხადა, რომ „უცნობი“ და გოგა ხაინდრავა ხელისუფლების დაქირავებული ადამიანები არიან და ფონს ქმნიან ბრალდებულების გასათავისუფლებლად.

„[ხელისუფლება] ცდილობს, დაიხსნას ეს ადამიანები პატიმრობიდან. თავის მიერ დაქირავებულ ჯგუფებს აძლევს აქტიურობის დავალებებს, ეს არის „უცნობი“ გია გაჩეჩილაძე, გოგა ხაინდრავა და მისთანები. ისინი არიან ხელისუფლების დაქირავებული პირები და ცდილობენ, ფონი შექმნან, რომ ეს ადამიანები, დამნაშავეები,  გამოვიდნენ ციხიდან,”- აცხადებს ვახო სანაია.


ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი სასამართლომ  15 აპრილს პატიმრობაში დატოვა.

როგორც დაზარალებულის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულებისგან მომდინარე საფრთხეები კვლავ ძალაში რჩებოდა და ამიტომ, მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრათ.

გამოძიების ვერსიით, ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი ვახო სანაიას მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ. მათ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ. პროკურატურის თქმით, ვაჟა გიგაური სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სულიკო საყევარიშვილმა ძალადობა განახორციელა ვახო სანაიას თანმხლების მიმართ.

პროკურატურამ აღნიშნულ პირებს ბრალდება ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის მუხლებით წარუდგინა.

სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.