„უცნობის“ მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა საუბრის მონაწილემ დაადასტურა

პუბლიკა

„უცნობის“ მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში საუბრის ავთენტურობას მისი ფიგურანტები, ჟურნალისტი გიორგი გვიშიანი და ლაშა კვესელაძე ადასტურებენ.

გიორგი გვიშიანის მოსაზრებით, ფარულ მიყურადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს. ის ამბობს, რომ მიმართავენ პროკურატურას იმის გასაკრვევად, იყო თუ არა ეს უკანონო მიყურადება და მოითხოვენ, დადგინდეს, ვინ უსმენს ჟურნალსიტებს.

„რა თქმა უნდა, სუს-ის ჩანაწერია და რა თქმა უნდა, აქ [ნიუსრუმში] არის დამონტაჟებული რაღაცა და ახლა გვჭირდება აპარატურა, რომელიც მოძებნის [მოსასმენს], იმიტომ, რომ იმ ადამიანებს, ვინც აქ იყვნენ იმ წუთში, სიცოცხლეს ვანდობ, ისე ვენდობი მათ და არ მგონია, რომ აქედან იყოს გატანილი. თუ სხვამ დადო აქ რაღაცა მოწყობილობა და მერე წაიღო, ახლა მაგის გარკვევა…ის ადამიანიც ე.ი. მოქმედებდა სუს-ის დავალებით.

სუფთა ჟურნალსიტური საქმიანობაა, მოტანილი ინფორმაცია იყო, რომელიც უნდა გასულიყო ეთერში და უნდა გადაგვამოწმებინა, ამის დამადასტურებელი რეპორტაჟი არსებობს 2021 წლის 7 ნოემბერს გავიდა ეთერში. სამართალთან პრობლემის მქონე ადამიანების გადმობირებას ეხებოდა ეს რეპორტაჟი. ეს ინფორმაცია დაზუსტდა, გადამოწმდა, ეთერში გავიდა.

აქ ვსხედავრთ 4 ადამიანი, თათბირზე უფრო მეტი ადამიანის ხმა შემოვიდოდა. ხუთშაბათია ან პარასკევი, როდესაც კონკრეტული რეპორტაჟი იგეგმებოდა.

ჩვენ ვფიქრობთ, მივმართოთ პროკურატურას, დაადგინოს საიდან იყო ჩანაწერები. ავთენტურობას ვადასტურებ. დაადგინონ, საიდან, ვისგან გავიდა, როგორ მიაწოდეს ეს ინფორმაცია და რას ემსახურებოდა ჩვენი მოსმენა. თუ იყო კანონიერი, გვითხრან, რომ თვალთვალის ობიექტები ვართ, თუ არ არის, ეს არის უკანონო და დაადგინონ, ვინ გვისმენს უკანონოდ ჩვენ“, – ამბობს გვიშიანი „მთავარ არხთან“.

ტელეწამყვანმა და მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობმა“) სავარაუდოდ „მთავარი არხის“ თანამშრომლების საუბრის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა.

ჩანაწერს თან ერთვის აღწერა, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ, Post Factum-ის წამყვანი გიორგი გაბუნია თავის თანამშრომლებს, ეკა სარიას, ლაშა კვესელაძესა და გიორგი გვიშიანს ესაუბრება.