უცნობმა პირებმა გაგვტაცეს ჩართვის აპარატი და კამერა – „მთავარი არხის“ ჟურნალისტი

პუბლიკა

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უცნობმა პირებმა არხის კუთვნილი პირდაპირი ჩართვის აპარატი და კამერა გაიტაცეს.

„აპარატი გაიტაცეს ოპერატორის თვალწინ. ოპერატორი ავტომობილიდან 7-8 მეტრში იმყოფებოდა, როდესაც უცნობი პირი ელვისებური სისწრაფით მივიდა მანქანასთან, კარი გამოაღო და ტელევიზიის კუთვნილი პირდაპირი ჩართვის აპარატი და კამერა წაიღო. ჩვენ ვიმყოფებით პერიმეტრზე, სადაც ათეულობით კორპუსია და ასევე ტყეცაა. შეიძლება ითქვას, რომ წამებში შეძლებდა აღნიშნული პირი მიმალვას“, – ამბობს ვაჩიბერაძე.

მისივე თქმით, გამტაცებელი ორი პირია. ვაჩიბერაძე ამბობს, რომ ოპერატორი გამტაცებლებს დაედევნა, თუმცა ჯერჯერობით მათი კვალის მიგნება ვერ მოხერხდა.

„უკვე გამოვიძახეთ სამართალდამცველები. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი. სამართალდამცველებმა ჩვენი ავტომობილი ყვითელ ლენტში მოაქციეს. ამბობენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – ამბობს ვაჩიბერაძე.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ინციდენტი იქამდე მოხდა, სანამ ვაჩიბერაძე პირდაპირ ეთერში ჩაერთვებოდა და ხელისუფლების მხრიდან, ვანის რაიონში არჩევნების გაყალბების სქემაზე ისაუბრებდა.

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტრომ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ გამოძიება სსკ 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. უწყებით ცნობითვე, უკვე ნაპოვნია გატაცებული აპარატურა.