უდაბნოს კალიის მიგრაცია საქართველოს არ ემუქრება – სურსათის ეროვნული სააგენტო

პუბლიკა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საქართველოს კალიების მიგრაცია არ ემუქრება, რადგან საქართველო უდაბნოს კალიის მიგრაციის არეალში არ ხვდება. შესაბამისად, მასიური მიგრაცია, რომელიც სხვა ქვეყნებში ფიქსირდება, ჩვენთან არ მოხდება.

„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ყოველწლიურად აქვეყნებს სხვადასხვა სახეობის, მათ შორის, უდაბნოს კალიის მიგრაციის რუკას, რომელიც გავრცელებულია აფრიკის კონტინენტზე, არაბეთის ნახევარკუნძულზე, ერაყისა და ირანის სამხრეთ ნაწილში.

აღნიშნული მავნებელი საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს დაფიქსირებულა და ორგანიზაციის 2020 წლის პროგნოზით, მავნებლის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მისი შემოჭრა საფუძველს მოკლებულია“, – წერს სურსათის ეროვნული სააგენტო და შესაბამის რუკასაც აქვეყნებს:

რაც შეეხება საქართველოში გავრცელებული კალიის სახეობებს, სეს-ის ინფორმაციით, საქართველოში იტალიური კალიის პოპულაციას აკონტროლებენ, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში – კახეთსა და ქვემო ქართლშია გავრცელებული. ადგილობრივი სახეობები კი საფრთხეს არ წარმოადგენენ.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იტალიური კალიის პოპულაცია კონტროლირებადია, რაც ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.

იტალიური კალიის გარდა საქართველოში გავრცელებულია კალიის სხვა ენდემური სახეობები, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს“, – წერს სააგენტო.