უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო - გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს. შსს-ს ცნობით, ავტოავარიას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი მძიმედ დაშავდა.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებს და ახლობლებს.

ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ მათ გადარჩენას“,- აცხადებს გახარია.

მომხდარს ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვავ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მომხდარს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც:

„შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა სოფელ ბისოსთან. ვუსამძიმრებ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია. ყველაფერი კეთდება დაშავებულთა დასახმარებლად და იმედია, მათ გადარჩენას მაშველები და ექიმები შეძლებენ“,- თალაკვაძე.

„რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო და ძებნითი სამუშაოები ამ დრომდე, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, უწყევტ რეჟიმში გრძელდება. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც. ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.