„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელზეც, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
საპარლამენტო სესია პლენარული სხდომით ხვალ, 7 ოქტომბერს გაიხსნება.
„ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. მისი თქმით, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ გენერალური პროკურორის არჩევის წესს, ცვლილების სხვა მუხლებს, რომელიც 2%-იან ბარიერს და ფრაქციის 4 წევრით დაკომპლექტებას ითვალისწინებს, არ შეეხებიან.
„არ დაგიმალავთ, რომ ბარიერის 2%-მდე დაწევაზე დღესაც იყო მსჯელობა. ლიდერების მხრიდან იყო არგუმენტები, რომ ეს არის შეთანხმების საგანი. ვერავინ დაუშლის ვერც ერთ დეპუტატს, რომ სხდომაზე ამაზე იმსჯელოს, თუმცა უდიდესი ალბათობით ხვალ ჩვენ ამ საკითხს საბოლოოდ კენჭისყრის დროს არ შევეხებით“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა I მოსმენით კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს.
კენჭისყრაზე პროექტს მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. ანრი ოხანაშვილის თქმით, პროექტის სასარგებლოდ ხმა მისცეს ასევე პაატა მანჯგალაძემ, ფრიდონ ინჯიამ და ლევან იოსელიანმაც. ოპოზიციის დანარჩენმა წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.
დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტი ერთი დათქმით განიხილეს, კერძოდ, I მოსმენით კენჭი ეყრებოდა პროექტს არსებული რედაქციით, თუმცა მე-13 მუხლს, გენერალური პროკურორის არჩევის წესს, ხვალ, 7 სექტემბერს გასამართ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები და ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი კანონპროექტიდან ამ მუხლის ამოღებას ემხრობიან. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ პროექტის სხვა მუხლებზე – საარჩევნო ბარიერის დაწევასა და ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობაზე – თანხმდებიან, თუმცა მართლმსაჯულების სისტემის ძირეული რეფორმის აუცილებლობაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ მსჯელობის შედეგად გადაწყდება, დაუჭერენ თუ არა კანონპროექტს მხარს გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე.