„უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა მივიდეთ არჩევნებზე“ - ოპოზიციის ლიდერებმა საარჩევნო უბანზე ხმა მისცეს

პუბლიკა

დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩევლებმა ხმის მიცემა  08:00 საათიდან დაიწყეს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილმა საარჩევნო უბნებზე ხმა უკვე მისცა და მედიისთვის კომენტარიც გააკეთა.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მე მინდა, ვთხოვო თითოეულ მოქალაქეს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. უნდა იცოდეთ, ვერავინ ვერასდროს ვერ გაიგეთ, ვის მიეცით ხმა. და რაც მთავარია, ყველამ ხმა უნდა მივცეთ და მეც ასე მოვიქეცი, ქვეყნის დაბრუნება ნორმალურ მდგომარეობაზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნორმალური დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი, ევროპული განვითარების გზაზე. ეს არაა მხოლოდ ჩვენი არჩევანი. ესაა ჩვენი წინაპრების და ჩვენი შვილების არჩევანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მედიისთვის კომენტარი გააკეთა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„დღეს არის რეფერენდუმი და აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რომ ყველა მივიდეთ არჩევნებზე. დღევანდელი დღე განსაზღვრავს საქართველოს შემდგომ ათწლეულებს, სად ვიქნებით, როგორც ქვეყანაში ვიცხოვრებთ? ვიცხოვრებთ ქვეყანაში, რომელიც არის ევროპულ კეთილდღეობაში, თუ ვიცხოვრებთ იზოლაციაში მოწყვეტილი სამყაროდან. აი, ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ“, – გიორგი ვაშაძე.

არჩევანი დააფიქსირა უკვე „ახალი – კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ეს არის ისტორიული დღე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც საბოლოო ჯამში ამ ქვეყანას წაიყვანს ევროკავშირისკენ, NATO-სკენ და 5-6 წელიწადში ეს ქვეყანა გახდება სრულფასოვანი წევრი ევროკავშირის და რაღაცნაირად, განცდა მაქვს, რომ გავალთ სამშვიდობოს. მე მივეცი ამას ხმა და მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა გააკეთებს იმავე არჩევანს“, – ზურაბ ჯაფარიძე.

„ახალი – კოალიცია ცვლილებებისთვის“ კიდევ ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ხმა მისცა ცვლილებებს.

„მე ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს, მე ხმას მივეცი კოალიციურ მართვას და უარი ვუთხარი წარსულს. მოვუწოდებ ყველას, ვიფიქროთ ხმის მიცემის დროს ჩვენ შვილებზე, ჩვენ წინაპრებზე, მათ დანაბარებზე და დანატოვარზე და წავიყვანოთ საქართველო იქით, სადაც მისი ისტორიული არჩევანია და რაც მომავალი თაობების არჩევანია – ეს არის ევროპა“,- თქვა ნიკა გვარამიამ.

„ძლიერი საქართველოსთვის ლიდერი“ მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი მოლოდინი ოპტიმისტურია.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ხმა მივეცი რეალურ ალტერნატივას ამ ქვეყანაში, იმ პერიოდის დაწყებას, როცა დაიწყება ნამდვილი რეფორმები ამ ქვეყანაში, როცა ჩვენ ვიქნებით ევროპის ნაწილი, ძლიერად წარმოდგენილი თავისუფალ სამყაროში და დაიწყება ძირეული ცვლილებები ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის, ჩემი მოლოდინი არის ძალიან ოპტიმისტური“, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

ცესკოს ინფორმაციით, 10:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა 324 197 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 9.27%-ია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იყო 8.33% – ხმა მისცა 292 587-მა ადამიანმა.