„ბრინჯის ბანკომატი“ – კარანტინის გამო ვიეტნამში უფასო ბრინჯს არიგებენ

პუბლიკა

ვიეტნამში, ქალაქ ხოშიმინში ერთ-ერთმა მეწარმემ სპეციალური აპარატი დადგა, რომელიც ხალხისთვის უფასო ბრინჯს არიგებს. ამ გზით, იმ ადამიანების დახმარებას ცდილობენ, ვინც კორონავირუსის გამო გამოცხადებულმა კარანტინმა ყველაზე მეტად დააზარალა.

ვიეტნამში, ჯერჯერობით, COVID-19-ის 262 შემთხვევაა დაფიქსირებული და არც ერთი გარდაცვლილი, თუმცა ხელისუფლებამ მარტის ბოლოდან 15-დღიანი სოციალური დისტანციის პროგრამა გამოაცხადა, რამაც, როგორც სხვა ქვეყნებში, მცირე ბიზნესსა და ქუჩაში მოვაჭრე ხალხზე განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა. ათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.

როგორც The Reuters წერს, ერთ-ერთი მათგანი იყო ნიუენ თი ლის ქმარიც. „ეს „ბრინჯის ბანკომატი“ ძალიან გვეხმარება. ერთი ჩანთა ბრინჯი, რომელსაც მისგან ვიღებთ, მთელი დღე გვყოფნის. ბრინჯზე ფიქრი აღარ გვიწევს და მხოლოდ სხვა რამეები გვჭირდება. ხანდახან საკვებით მეზობლებიც გვეხმარებიან“, – ჰყვება 34 წლის რესპონდენტი The Reuters-თან, რომელსაც სამი შვილი ჰყავს.

აპარატი თითოეულ ულუფაზე 1.5 კილოგრამ ბრინჯს ყრის სპეციალური არხიდან. ამ ერთგვარ „ბრინჯის ბანკომატთან“ ხალხის რიგი სულ დგას. მათი უმეტესობა ქუჩაში ვაჭრობით ირჩენდა თავს და ყოველდღიური შემოსავლის იმედად იყვნენ.

ბრინჯის აპარატი ჰოანგ ტუან ანის ეკუთვნის – ბიზნესმენს, რომელიც ეპიდემიის დაწყებისას ჯერ ხოშიმინის საავადმყოფოებს დაეხმარა, შემდეგ კი ხალხისთვის საკვების მიწოდება გადაწყვიტა. როგორც სახელმწიფო მედია წერს, უფასო ბრინჯის აპარატები ვიეტნამის სხვა დიდ ქალაქებშიც დაიდგა. იდეის ავტორი ვიეტნამურ მედიასთან ამბობს, რომ მას უნდა, ხალხს კრიზისის მიუხედავად საკვებსა და პირველად რესურსებზე წვდომა ისევ ჰქონდეს.

„მე ამ აპარატს „ბრინჯის ბანკომატს“ ვუწოდებ, რადგან, როგორც ფულის შემთხვევაშია, ხალხს ამ აპარატიდან შეუძლია ბრინჯის გატანა და იმაში დარწმუნება, რომ მათ გვერდით არსებობენ კარგი ადამიანები“, – ამბობს ბიზნესმენი ვიეტნამურ მედიასთან.