უფასო სასადილოების თანხების თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებულებს საპატიმრო გირაო შეეფარდათ

პუბლიკა

უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის არაკეთილსინდისიერად მომსახურებასა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებულ 5 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა – ინფორმაციას გამოცემა „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ამ საქმეზე ბრალდებული 5 პირი საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორს, რეზო ალადაშვილს 100 000-ლარიანი საპატიმრო გირაო, მის კიდევ ერთ თანამშრომელსა და 3 ქვეტკონტაქტორი კომპანიის დირექტორს კი, 50 000-50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდათ.

გამოცემის ცნობით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ზიანი აანაზღაურონ და გამოძიებასთან ითანამშრომლონ, პროკურატურამ ეს გარემოებები გაითვალისწინა და საპატიმრო გირაოს დაეთანხმა.

აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მეია მელქაძემ მიიღო.


სუს-ის განცხადებით, შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“. გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.

„კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 3 529 000 ლარს“, – აცხადებდა სუსი.

სუსის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.