წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ გაასაჯაროვა ავტომობილის დაწვის მიზეზებზე შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის დასკვნა, რომელშიც განსაზღვრულია, სად გაჩნდა ხანძრის კერა.
დოკუმენტის მიხედვით, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხარჩილავას კუთვნილ „ჯიპზე“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის კერა მანქანიდან დაახლოებით 3,5 მეტრში მდებარეობს, საიდანაც ცეცხლი გავრცელდა მანქანის მიმართულებით და ძლიერი აალება გამოიწვია.
გია ხარჩილავა აცხადებს, რომ მთავარი თემა იყო, რამ გამოიწვია ხანძარი. დასკვნის მიღების შემდეგ წალენჯიხის მერი ამბობს, რომ ცეცხლი ადამიანმა გამიზნულად გააჩინა.
„პირდაპირ უფლება მაქვს, ეს შემთხვევა დავაკავშირო პოლიტიკურ შეკვეთასთან“, – განაცხადა გია ხარჩილავამ.
გია ხარჩილავას მანაქანა 12 ოქტომბერს დიაწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.