ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა საქართველოში 10-დღიანი ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.
მერი ლოლერმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალურად უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ. მისი თქმით, ეს უნდა შეეხოს როგორც საჯარო განცხადებებს და პოლიტიკას, ასევე საკანონმდებლო ბაზის ცვლილებასაც, რათა საქართველოში შეიქმნას ხელსაყრელი გარემო ორგანიზაციების ლეგიტიმური საქმიანობის მხარდასაჭერად და შემცირდეს პოლარიზაცია.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ საჯაროდ აღიაროს ადამიანის უფლებათა დამცველების ლეგიტიმური როლი და მათი მნიშვნელოვანი წვლილი სამართლიანი და ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.
„ადამიანის უფლებათა დამცველები ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ და დაცულად, სანამ მთავრობისა და პარლამენტის წევრები აგრძელებენ შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებას სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ან არ გმობენ სხვების ამგვარ რიტორიკას და სოციალურ მედიაში გაჩაღებულ რეპუტაციის შემლახავ კამპანიას“. მთავრობამ უბრალოდ კი არ უნდა „აიტანოს“ სამოქალაქო საზოგადოება, არამედ აქტიურად წაახალისოს მათი როლი და საქმიანობა, დაიცვას მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
ღრმად ვარ შეშფოთებული იმის გამო, რომ ადამიანის უფლებათა დამცველების, მათ შორის ქალთა და LGBTQI პირების უფლებადამცველების, წინააღმდეგ ჩადენილი თავდასხმისა და შეურაცხყოფის, ასევე, უკანონო თვალთვალის ფაქტები დაუსჯელი რჩება, რაც, როგორც ჩანს, სისტემურ ხასიათს ატარებს. უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება უფლებადამცველების წინააღმდეგ სავარაუდო ძალადობის შემთხვევების დაუყოვნებელ და გამჭვირვალე გამოძიებას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შემდგომი თავდასხმების რისკებს.
საქართველოს მთავრობამ სრულად უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულება ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და მოეპყრას უფლებადამცველებს როგორც მეკავშირეებსა და არა როგორც მტრებს“, – ნათქვამია ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპეციალური მომხსენებელი საქართველოში ვიზიტის შესახებ სრულ ანგარიშს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2025 წლის მარტში წარუდგენს.
„დაუცველობის შეგრძნება განსაკუთრებით მძაფრია იმ უფლებადამცველებისთვის, რომლებიც ინტერსექციული რისკების, გენდერზე დაფუძნებული ყაჩაღობის, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკურობის ან რელიგიური კუთვნილების, უნარშეზღუდულობის ნიადაგზე ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან. ამავე ჯგუფს მიეკუთვნებიან სოფლად მცხოვრები უფლებადამცველები.
ხშირად, როდესაც მუქარის, თავდასხმისა და დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ განაცხადებენ ხოლმე, ადამიანის უფლებათა დამცველები ყველაზე მეტ მხარდაჭერას საკუთარი კოლეგებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებისგან იღებენ. თუმცა, მათი დაცვის უმთავრესი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს აკისრია.
უკიდურესად შემაშფოთა იმ ინფორმაციამ, რომელიც ჩემი ვიზიტის განმავლობაში მომაწოდეს და რომელიც ქალი უფლებადამცველების წინააღმდეგ თავდასხმებს, პირდაპირ მუქარას, საჯარო შეურაცხყოფებსა და ინტერნეტ სივრცეში შევიწროებას ეხება. მუქარები და თავდასხმები წარმოადგენს შურისძიებას იმ ლეგიტიმური საქმიანობისთვის, რომელსაც ქალი უფლებადამცველები ეწევიან და რომლის ფარგლებშიც, როგორც ეს ყველა ქვეყანაში ხდება, ისინი ხშირად აკრიტიკებენ მთავრობას და საზოგადოების სხვა ძლევამოსილ აქტორებს. შეულამაზებელი მიზოგინია, რომელსაც პარლამენტის წევრები ამჟღავნებენ ქართული ოცნებიდან, კიდევ უფრო ამკაცრებს გარემოს, რასაც, თავის მხრივ, მძიმე ზეგავლენა აქვს ქალი უფლებადამცველების მდგომარეობაზე.
სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონის მიღების მცდელობიდან მოყოლებული ანუ, მიმდინარე წლის მარტიდან, როდესაც მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებმა ქალი უფლებადამცველები უცხოელ აგენტებად შერაცხეს. ამგვარი განცხადებები და მინიჭებული ლეგიტიმაცია კიდევ უფრო ახალისებს შემდგომ შეტევებს. ქალმა უფლებადამცველებმა მითხრეს თუ როგორ გახდნენ თავდასხმის მსხვერპლები დედაქალაქის ქუჩებში სიარულისას, როგორ უხმობდნენ სახელით და აგინებდნენ მათთვის უცნობი ადამიანები. ეს ჩემი ვიზიტის დროს ხდებოდა. ასევე, ძალზე ხშირია მუქარები და შევიწროება ინტერნეტსივრცეში. ამგვარი ინციდენტების უკან ხშირად, აშკარაა, რომ ბოტები დგანან და ეს ინციდენტები როგორც წესი, გენდერულ თემაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას მოსდევს ხოლმე.
ფიზიკური თავდასხმის რისკები კიდევ უფრო იზრდება, თუ ქალი უფლებადამცველი, ამავდროულად ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელიცაა. როგორც ერთმა ქალმა მითხრა, როდესაც საქმე უმცირესობების ინტეგრაციას ეხება, ხელისუფლება ფიქრობს, რომ თემა ცალმხრივმოძრაობიან ქუჩას წააგავს. ქალების ხმები, რომლებიც ამ მიდგომას აკრიტიკებენ, ნაკლებად მისაღებია, ხოლო ქალები უმცირესობების ჯგუფებიდან, რომლებიც ხმას იმაღლებენ, ულტრამემარჯვენე და ულტრანაციონალისტური ჯგუფების რისხვის საგანი ხდებიან.
[…]შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფლებადამცველები ვერ გრძნობენ ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან. ანგარიშები, რომლებიც ვიზიტისას მომაწოდეს მიუთითებს, რომ რიგ შემთხვევებში, მათ არ ეძლევათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა და ბულინგის მსხვერპლებიც ხდებიან. გარიყვა განსაკუთრებით ვრცელდება ახალგაზრდა და კრიტიკულად განწყობილ შშმ უფლებადამცველებზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.