ორგანიზაცია „უფლებები საქართველო”, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესებულია.
„უფლებები საქართველოს” იურისტები აფგან სადიგოვს სპეციალური პენიტენციური სამსახურის #8 დაწესებულებაში შეხვდნენ 2 და 3 ოქტომბერს. სადიგოვის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა თვალშისაცემია, იურისტების შეფასებით, მას უჭირს გადაადგილება, საუბარი და კონცენტრირება.
„უფლებები საქართველო” აცხადებს, რომ უკვე მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებას, აფგან სადიგოვი გადაიყვანონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება.
ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველი ინფორმირებულია აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
აფგან სადიგოვმა შიმშილობა 21 სექტემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 2024 წლის 16 სექტემბერს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე (თავშესაფარზე) საქართველოში.
აფგან სადიგოვის საქმის დეტალები
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება საქართველოში და აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა.
18 ივლისს აფგან სადიგოვს ოჯახთან ერთად მცდელობა ჰქონდა, რომ გამგზავრებულიყო თურქეთში, რის საშუალებაც მესაზღვრეებმა არ მისცეს და უთხრეს, რომ მეუღლესა და შვილებს შეეძლოთ საზღვრის გადაკვეთა, თუმცა აფგან სადიგოვს მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო.
მიზეზი არ განუმარტეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა ინფორმაცია აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ საქმის აღძვრისა და მის მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ. თავად სადიგოვს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.
„უფლებები საქართველო“ 18 ივლისიდანვე ჩაერთო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში. პროკურატურის ინფორმაციით, აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის წინააღმდეგ საქმე აღიძრა 2024 წლის 9 მაისს. 13 მაისს კი აზერბაიჯანულმა მხარემ ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2 აგვისტოს აფგან სადიგოვი „უფლებები საქართველოს“ იურისტთან ერთად შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველს, სადაც განიხილეს მისი თურქეთში არგაშვების ფაქტი.
შსს-მ არც სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა გახდა აფგან სადიგოვის საქართველოდან გაშვებაზე უარის თქმის მიზეზი, ისევე როგორც, არ მიაწოდა ინფორმაცია მის წინააღმდეგ აზერბაიჯანში სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და ძებნის გამოცხადების შესახებ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა 3 აგვისტოს დააკავეს და მას შემდეგ გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. დაკავების ფაქტს შეესწრო მისი ცოლი და არასრულწლოვანი შვილები. აფგან სადიგოვმა მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიგო, რომ ის ძებნილია და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული აზერბაიჯანში.
გამოძიების ინფორმაციით, აფგან სადიგოვის დაკავება განხორციელდა აზერბაიჯანის მოთხოვნით. მას ბრალად ედება დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 188.2.2 და 182.2.4 მუხლებით – „გამოძალვა, უცხო ადამიანისაგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა არაერთგზის“.
4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს, აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
8 აგვისტოს „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და მოითხოვეს, რომ გაუქმებულიყო განჩინება აფგან სადიგოვისთვის შეფარდებული 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს შესთავაზეს გირაოს გამოყენება 2000 ლარის ოდენობით. პარალელურად, აფგან სადიგოვმა და მისმა ადვოკატებმა საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს განცხადებით მიმართეს საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით.
13 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ დაუშვებლად ცნო „უფლებები საქართველოს“ სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება.
მივიჩნევთ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.