საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ კანონპროექტის შესახებ ამბობს, რომ ის არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მნიშვნელოვანი მექანიზმია სასამართლო კონტროლი.
„აქ იყო წარმოდგენილი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ვინმე გაბედავს და შეზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს. აზრის, სიტყვის, ინფორმაციის, ინტერნეტის თავისუფლება ვერც შეიზღუდება და არც არის ასეთი შეზღუდვა წარმოდგენილი, ასევე, არ არის შეზღუდვა რწმენის, აღმსარებლობისა და ა.შ. შესაბამისად, ის, რასაც ვისმენთ, სამწუხაროა, მაგრამ არის დემაგოგია. საზოგადეობას ვერ მოვატყუებთ, უნდა ვუთხრათ სიმართლე და ეს სიმართლე არის, რომ მხოლოდ მინიმალური, თანაზომიერი კრიტერიმუმების საფუძველზე ხდება გარკვეულ უფლებებში დროებით ჩარევა.
ასევე, წარმოდგენილი იყო პოზიცია, თითქოს საქართველოს მთავრობაზე არ ვრცელდება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, იმოქმედოს თვითნებურად. ისევე, როგორც ჩვენზე და ყველა ინსტიტუციაზე ვრცელდება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, ასევეა მთავრობა ვალდებული, დაიცვას კონსტიტუცია და შეასრულოს ეს პრინციპები.
ასევე, ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – აქ არავინ არ აღნიშნა საერთოდ, თითქოს პირს, ვის მიმართაც იქნება გარკვეული ღონისძიება გამოყენებული და ის არ დაემორჩილება ამ ღონისძიებას, არ ჰქონდეს გასაჩივრების უფლება. ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო კონტროლი ამ ყველაფერზე. თუკი ადამიანი, ფიზიკური ან იურიდიული პირი მიიჩნევს, რომ უფლების შეზღუდვა არ მოხდა სწორად, საქართველოს კონსტიტუცია და ეს კანონპროექტიც ანიჭებს უფლებას, ეს შეზღუდვა რომ გაასაჩივროს. ამიტომ, როცა საუბარია უფლებების შეზღუდვაზე, ეს ვერ და არ ხორციელდება სასამართლო კონტროლის გარეშე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი და ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.