უფლებრივი მდგომარეობა პენიტენციურ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში | ომბუდსმენის ანგარიში

პუბლიკა

2021 წლის 31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა. 486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, ომუდსმენის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

აპარლამენტო ანგარიშის პირველი თავი სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავს. 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა 2015-2017 წლებში პატიმართა გარდაცვალების 17 შემთხვევა შეისწავლა. საქმის მასალები გაცნობის შედეგად დგინდება, რომ პატიმრებს სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები ქონდათ, რომელთაც პენიტენციურ დაწესებულებებში არ მკურნალობდნენ. გამოძიება კი მხოლოდ გარდაცვალების საბოლოო მიზეზებით ინტერესდებოდა და არ იკვლევდა უტარდებოდათ თუ არა, ან რატომ არ უტარდებოდათ პატიმრებს სიცოცხლეში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

ომბუდსმენის თქმით, 2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პირებისთვის ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების კვლევებსა და მკურნალობას. შედეგად, არასათანადო მკურნალობა და შესაბამისი რისკფაქტორების გაუთვალისწინებლობა პაციენტთა გარდაცვალებებს იწვევს.

2020 წელს სახალხო დამცველის აპარატში 154 განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდნენ. განცხადებების მიხედვით, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ჩამდენი პირები 77 შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, ხოლო 60 შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები. განცხადებები ასევე ეხებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პირობებსა და გამოძიების გაჭიანურებას.

2020 წელსაც შენარჩუნებულია ადმინისტრაციული წესით დაკავებისას პოლიციის მხრიდან მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეების (463 საეჭვო შემთხვევა) 34.3%-ში დაფიქსირდა დაკავებისას ან დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების ფაქტები. ეს მაჩვენებელი 2018 წელს – 26.8%, ხოლო 2019 წელს 31.8% იყო.

წინა წლების მსგავსად, პენიტენციური სისტემის უმთავრეს პრობლემას არაფორმალური მმართველობა წარმოადგენს – „საქართველოს პროკურატურის და პენიტენციური სამსახურის შიდა მონიტორინგის ორგანოებს აღნიშნულ საქმეებზე ეფექტიანი რეაგირება პირთა პასუხისგებაში მიცემის გზით არ მოუხდენია, ასევე, მრავალი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩაუტარებელი დარჩა“.

სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს პატიმართა (მათ შორის არასრულწლოვან ბრალდებულთა) დეესკალაციისა და სამარტოო საკნებში დიდი პერიოდით, ხშირად და დაუსაბუთებლად მოთავსების პრაქტიკას.

2020 წლის მონიტორინგმა კვლავ წარმოაჩინა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დროული და ხარისხიანი სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის დაცვის სერვისების უზრუნველყოფა პრობლემურია. ასევე კვლავ გრძელდება პატიმრების სრული შემოწმების პრაქტიკა, რა დროსაც პატიმრის სხეულის ყველა ნაწილის ერთდროულად და არა ნაწილ-ნაწილ გაშიშვლება ხდება.

ფსიქიატრიული დაწესებულებებში 2020 წელსაც გამოვლინდა ძალადობის შემთხვევები, როგორც დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან, ასევე თავად პაციენტთა შორის კონფლიქტებისა და ძალადობის ფაქტები.

სახალხო დამცველის შეფასებით, კვლავ პრობლემურია პაციენტების მიმართ ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვების გამოყენების ხშირი და მანკიერი პრაქტიკა. „არასათანადო მოპყრობას უტოლდება ის საცხოვრებელი პირობები, რომლებშიც პაციენტებს უწევთ ცხოვრება და უტარდებათ მკურნალობა“.

ანგარიშის მიხედვით, კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება სამართალდამცავების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება პროკურატურის მიერ.

2019 წლის 20 ივნისის გამოძიებასთან დაკავშირებით მდგომარეობა უცვლელია, სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიება ორიენტირებულია მხოლოდ ინდივიდუალურ სამართალდამცავთა დანაშაულებრივი მოქმედებების იდენტიფიცირებაზე და არ ახდენს მოვლენების სრულ სისტემატურ ანალიზსა და ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენას.

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების თავში პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების პრაქტიკაა განხილული. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში პირობით ვადამდე გათავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირდა. კერძოდ, 2019 წელს პირობით ვადამდე 1 279 მსჯავრდებული გათავისუფლდა, ხოლო 2020 წელს მხოლოდ 830. თუმცა, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით გაიზარდა სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის სტატისტიკა.

სამართლიანი სასამართლოს უფლების თავში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსამართლეთა განწესებას, საქმეთა განაწილების ელექტრონულ პროგრამას, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლო სისტემაში არსებული ინსტიტუციური გამოწვევების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოვლენილი უკიდურესი დარღვევებისა და გაუმჭვირვალობის გათვალისწინებით, არსებული ვითარება სამომავლოდ გზას უხსნის დისკუსიებს სასამართლოს სისტემაში უფრო რადიკალურ ჩარევასთან დაკავშირებით.

ანგარიშს ვრცლად გაეცანით ბმულზე.