უგულავა-ბაქრაძე „ევროპულ საქართველოს" ოფიციალურად ტოვებენ

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს” ლიდერები გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე პარტიის ყრილობაზე მონაწლეობას არ მიიღებენ, – ამის შესახებ ისინი facebook-ზე წერენ. დღეს „ევროპული საქართველოს” ყრილობა უნდა გაიმართოს.

„დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს” ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება – მე პარტია დავტოვე”, – წერს გიგი უგულავა.

„დღეს გაიმართება პარტია „ევროპული საქართველოს” ყრილობა, რომელზეც აირჩევენ პარტიის ახალ ხელმძღვანელობას. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო მიზეზი, რის გამოც არ ვესწრები ყრილობას, უარს ვამბობ „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეობაზე და პარტიის წევრობაზე”, – ამის შესახებ კი დათო ბაქრაძე წერს.

გთავაზობთ გიგი უგულავას განცხადებას:

„2020-ის არჩევნების ტოტალური გაყალბების მიუხედავად, პარტიისთვის ეს არჩევნები წარუმატებელი იყო. ასეთ დროს სრულიად ლოგიკურია, რომ მმართველმა ლიდერებმა აღარ იყარონ კენჭი და მისცეს სხვებს შესაძლებლობა განავითაროს პარტია. ამასვე ითვალისწინებს პარტიის წესდებაც. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრება გავწეულიყავით პარტიის მართვისგან, დავრჩენილიყავით მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ. მისი არგუმენტია რომ ახლა ამის დრო არაა. ჩემის აზრით, ეს არასწორია, რადგან ამ ლოგიკით ამის დრო არც არასდროს დადგება. ლიდერობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ გყოფნის ნება გაიწიო და არ დაელოდო როდის გაგწევენ.

პარტიას განახლება სჭირდება, განახლება რომელიც მემკვიდრეობითობას, კურსის გაგრძელებას, მის გაუმჯობესებას და არა წარსულთან დაპირისპირებას ან უარყოფას, გულისხმობს. ვწუხვარ, მაგრამ გზა რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ.

მადლობას ვუხდი პარტიის ყველა წევრს, განურჩევლად რა პოზიციაზე ის. ყველა ეს ადამიანი ჩემთვის ძვირფასია. მჯერა, რომ პარტიით თუ უპარტიოდ ისინი თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლაში თავის სიტყვას იტყვიან. მადლობას ვუხდი გიგა ბოკერიას. ჩვენი ურთიერთობა გასული საუკუნიდან იწყება. ბევრი რამ გადაგვიტანია ერთად, ბევრისთვისაც მიგვიღწევია. ბევრ საკითხში ჩვენ თანამოაზრეები ვართ, მაგრამ ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა. ის რაც მისთვის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა. თუმცა არც ამას აქვს ახლა მნიშვნელობა. იმის მიუხედავად, თუ როგორ ვუყურებ ევროპული საქართველოს პერსპექტივას, მე მას გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ.

მე თავად ვაპირებ ვიყო უპარტიოდ. ვიქნები ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ პარტიებთან თუ სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად ბრძოლაში. შესაბამისად, „ევროპულ საქართველოსთანაც” ცივილიზებული, საქმიანი ურთიერთობის იმედს ვიტოვებ”, – აღნიშნავს უგულავა.

დავით ბაქრაძის განმარტება პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით:

„მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან 2020 საპარლამენტო არჩევნების უხეში და დაუფარავი გაყალბებისა, “ევროპული საქართველოს” მიერ ნაჩვენები შედეგი ძალიან შორს იდგა სასურველისგან – წინა არჩევნებთან შედარებით მიღებული ხმების მნიშვნელოვანი კლება და დიდ ქალაქებში (პირველ რიგში, თბილისში) ნაჩვენები უკიდურესად ცუდი შედეგი მკაფიო ნიშანია, რომ პარტია საჭიროებს ფუნდამენტურ სიახლეებს და რეფორმებს, მათ შორის, ლიდერების გუნდის მთლიან განახლებას, ახალი სახეების წინ წამოწევას და სხვა პარტიებთან ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციებში ჩართვას. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, აღარ დავრჩენილიყავი თავმჯდომარის თანამდებობაზე და ამით გზა გამეხსნა პარტიაში ახალი ლიდერების დამკვიდრებისთვის. ანალოგიური პოზიცია აქვთ გიგი უგულავას და ლიდერების გუნდის მნიშვნელოვან ნაწილსაც.

განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა გიგა ბოკერიას, რომელმაც ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო მისი დარჩენა პარტიულ თანამდებობაზე. პატივს ვცემ გიგას აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს – დღეს ყრილობაზე წარდგენილი ლიდერების შემადგენლობით ძალიან რთული იქნება, პარტიამ მოახერხოს ამომრჩევლის და პოტენციური კოალიციური პარტნიორების დარწმუნება განახლებაში, ახალ ხედვებში და შესაბამისად, უკეთეს სამომავლო პერსპექტივაში.

სწორედ ამიტომ, რადგან არ ხდება პარტიის ფუნდამენტურად განახლება – რაშიც მზად ვიყავი, თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ, უკვე რიგითი წევრის სტატუსით დავხმარებოდი პარტიას – მივიღე გადაწყვეტილება, თავმჯდომარეობასთან ერთად უარი ვთქვა პარტიის წევრობაზეც.

ცხადია, ეს არის ადამიანურად ძალიან რთული გადაწყვეტილება – დამოუკიდებლად პოლიტიკური პროცესებისგან, “ევროპული საქართველო” ყოველთვის დარჩება ჩემთვის ძვირფასი და ღირებული ადამიანების გუნდად, ვისთან ერთადად ბევრი სირთულე გავიარეთ და ღირსეულად ვიბრძოლეთ. დღეს, კიდევ ერთხელ, მადლობას ვეუბნები ყველას – ლიდერებს, ოფისის თანამშრომლებს, რეგიონულ ორგანიზაციებს, საპარლამენტო გუნდს.

უკეთესი საქართველოსთვის ჩვენი საერთო ბრძოლა გრძელდება და, პარტიით თუ უპარტიოდ, ყველას ვუსურვებ წარმატებას.

რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებს, ამ ეტაპზე არ ვაპირებ რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას და „ევროპული საქართველოდან” წასვლის შემდეგ ვიღებ პარტიულ პაუზას. მაგრამ ვრჩები პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და პოლიტიკოსი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, ეკონომიკურად წელში გამართული, თავისუფალი, ერთიანი და ევროპული სახელმწიფო!”, – წერს ბაქრაძე.