უგულავა: ჩემი პირადი აზრია, რომ ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს პრემიერობის კანდიდატად

პუბლიკა

„ჩემი პირადი აზრია, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს პრემიერობის კანდიდატად…”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ფორმულას” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აქვს შანსი, გააერთიანოს ოთხი ოპოზიციური პარტიის შესაძლებლობები.

უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პრემიერობის კანდიდატი შერჩეული იყოს არჩევნებამდე.

„მე ვარ მომხრე იმისა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დასახელდეს ახლა. ამაზე გუშინ მინიშნებით თინა ბოკუჩავამაც ისაუბრა…

…ამ წუთას პოლიტიკური „მომენტუმი” აქვს მხოლოდ ერთადერთ ადამიანს. ამ ოთხი ძლიერი ცხენის ერთ ეტლად ქცევის პოლიტიკური შანსი და ძალა აქვს მხოლოდ ერთადერთ ადამიანს და ესაა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი თვითონ. ჩემი პირადი აზრია, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს პრემიერობის კანდიდატად….

და 10-ის ნახევარზე [26 ოქტომბერს], როდესაც 4 მთავარი გასული პოლიტიკური ძალის მიერ დაფიქსირდება გამარჯვება, მერე კი არ უნდა იყოს დავიდარაბა – „არა მე მინდა და არა, ეს არ იყოს”, არა; უნდა იდგეს სალომე ზურაბიშვილი, უნდა იყოს 80 დეპუტატი თუ რამდენიც იქნება უმრავლესობა და უნდა გამოაცხადოს, რომ „ქართული ოცნება” არის დამარცხებული, გაიმარჯვა ქართულმა ოპოზიციამ და გაიმარჯვა ევროპულმა გზამ”, – განაცხადა უგულავამ.

შეკითხვაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში” დაუჭერენ თუ არა მხარს ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატად, უგულავამ პასუხისას ახსენა, რომ:

„გამარჯვებასთან ერთად, არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლება და არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ჩვენ მურუსიძის ან რომელიმე სხვა ვიგინდარა მოსამართლის დალოდებას დავიწყებთ…

ეს საკითხი, რომ უპირობოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს [სააკაშვილი], სწორედ ამიტომ ვარ მე იმის მომხრე, რომ სალომე ზურაბიშვილი იყოს პრემიერობის კანდიდატი. იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაზე ვერ იტყვის უარს ვერც „ლელო”, ვერც გახარია და არც დანარჩენი კოალიციები…”, – განაცხადა უგულავამ.