თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გზის გადაკეტვის შემდეგ გიგი უგულავასა და პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. უგულავას პოლიციის თანამშრომლები მოუწოდებდნენ, გადასულიყო გზიდან და სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინა.
გიგი უგულავამ პოლიციის წარმომადგენლებს რამდენჯერმე „ძაღლები“ უწოდა. ამის შემდეგ ვითარება დაიძაბა და აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რომლის დროსაც გიგი უგულავა ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და ადგილიდან გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, უგულავას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
დღეს საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ესწრება მიხეილ სააკაშვილიც. პროცესზე ადვოკატებმა პირდაპირ ეთერში სასამართლო პროცესის გადაცემის მოთხოვნა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პროცესს ესწრება საზოგადოებრივი მაუწყებელი, სხვა მედიასაშუალებები პროცესზე არ იმყოფებიან.