უგულავა ვაშაძეზე: ოპოზიციის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს

პუბლიკა

ოპოზიციის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს [ვაშაძის განცხადებები], მაგრამ არ აზიანებს, იმიტომ, რომ მისი განსხვავებული აზრი არის, მისი აზრი და მას არ ეთანხმება ოპოზოციის 100% და მისი პარტიის 99.9%, აქედან გამომდინარე, ეს არის მისი აზრი“, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებებს.

„მე მომეჩვენა, რომ ბატონი გრიგოლი არის რაღაცნაირად ადამიანურად ნაწყენი. არ ვიცი, ვისზეა ნაწყენი, ზოგადად, ნაწყენია. მე ვფიქრობ, რომ ახლა არც ერთი ადამიანის გარიყვისა და დამუნათების დრო არ არის. ეს პროცესი მიდის საერთო ოპოზიცური ქოლგის ქვეშ და გადაწყვეტილებაც შესაბამისი ფორმატით მიიღება. თუ ბატონ გრიგოლს აქვს სურვილი, რომ ამ ყველაფრის ნაწილი იყოს, ამ ყველაფრის ნაწილი იქნება, თუ არ აქვს, ბუნებრივია, არ იქნება. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, მე ვერ ვხედავ, რომ [ოპოზიციურ] ერთობას რაიმე თვალსაზრისით პრობლემა შეექმნას“, – განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის განცხადებას დიალოგის ჩაშლაზე, უგულავა ამბობს, რომ ვაშაძე ოპოზიციის საერთო სახელით არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა.

„არანაირი მანდატი, არანაირ მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი. მას შეიძლება ჰქონდა პრივატული შეხვედრა საელჩოებთან, მე ამას არ გამოვრიცხავ. მას ეს ხშირად აქვს სტატუსიდან და თანამდებობიდან გამომდინარე და ყოფილი პროფესიიდან გამომდინარეც, მაგრამ არანაირი ოპოზიციის სახელით რაიმე მოლაპარაკებას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა… მე ახლა ვსაუბრობ ოპოზიციის საერთო სახელით – ოპოზიციის საერთო სახელით გრიგილ ვაშაძე არ საუბრობდა და  ვერ ისაუბრებდა, რადგან ასეთი მანდატი მას აქამდე არ ჰქონია.

გრიგოლ ვაშაძემ გუშინ, „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ მისი განცხადების მთავარი მოტივი იყო ის, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა.

„ამ განცხადების გაკეთების ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით ჩაიშალა. ყოველდღე და თან არაერთხელ, მე პირადად ვიყავი კომუნიკატორი ოპოზიციიდან, საელჩოებთან ამ საკითხებზე. არ მაქვს ნებართვა, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები დავასახელო, მაგრამ მათ საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებად შესტკივათ. მაგრამ დავკარგეთ ეს დრო. ჩაიშალა”, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

ვაშაძის ამ ინტერვიუს გამოეხმაურნენ ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

„პირადად ჩემთვის, ეს ჰგავს გრიგოლ ვაშაძის ფანტაზიის ნაყოფს”, – აცხადებს „ლელოს” წევრი, საბა ბუაძე.

„ნაციონალურ მოძრაობას” ჩვენთან მიმდინარე შეხვედრებში წარმოადგენენ ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა და სხვები. მათი პოზიცია არის სრულ თანხვედრაში დანარჩენი ოპოზიციის პოზიციებთან. ამიტომ, ის, რაზეც ბატონი ვაშაძე საუბრობს, არის გაუგებარი და ძალიან დესტრუქციული ქმედება, რომ არაფერი ვთქვათ მის სიმართლესთან შესაბამისობაზე”, – ამბობს ბუაძე.

„გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამ საკითხს facebook-ზე გამოეხმაურა.

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე „რუსთავი 2-ზე”, ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას. ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ: იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით?

პ.ს. ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო რუსთავი2-ზე და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული, ის ლიდერი კი – საჯაროდ ჯვარცმული”, – წერს  ჯაფარიძე.

რაც შეეხება მისი თანაპარტიელის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებას, მისი თქმით, ამ საკითხზე პირადად კომუნიკაცია გრიგოლ ვაშაძესთან არ ჰქონია:

„შესაძლოა ბატონ გრიგოლს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმ დღეებში ძალიან სპონტანური იყო ვითარება, ჯერ რუსთაველზე ვიდექით, შემდეგ ცესკოსთან, შესაძლოა მოხდა რაღაც დისკომუნიკაცია, ვერ შედგა. თუმცა, მე ვარაუდს ვამბობ, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მქონია პირადად კომუნიკაცია ამაზე ბატონ გრიგოლთან“, – განაცხადა უდუმაშვილმა.