უილსონი: 26 ოქტომბერს თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ნება გაიმარჯვებს

პუბლიკა

რესპუბლიკელი კონგრესმენი და MEGOBARI აქტის თანაავტორი ჯო უილსონი ეხმაურება მოლდოვის არჩევნებს და პარალელურად საუბრობს საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე. მისი თქმით, ისევე, როგორც მოლდოვაში, 26 ოქტომბერსაც თავისუფლების მოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს.

„ომის დამნაშავე პუტინის მიერ ქვეყნის ნაწილების უკანონოდ ოკუპაციისა და მოლდოვის მომავლის მისატაცებლად სისხლიანი ფულისა და კრიმინალების გაგზავნის მიუხედავად, უშიშარმა მოლდოველებმა აირჩიეს სუვერენიტეტი და კეთილდღეობა. 26 ოქტომბერს თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ნება გაიმარჯვებს“, – წერს ის.

მოლდოვაში 20 ოქტომბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის ბიულეტენების 100% დათვლილია.

სარეფერენდუმო კითხვას – „მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციის ცვლილებას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ დადებითად უპასუხა არჩევნებზე მისულ მოლდოველთა 50.46%-მა; უარყოფითად – 49.54%-მა.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ხმათა 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, ამიტომ მეორე ტური ჩატარდება. მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ პირველი ტურის შედეგების მიხედვით დიდი უპირატესობით ლიდერობს, მან  42.45% მიიღო, სანდუს შემდეგ ყველაზე პოპულარულმა კანდიდატმა, ალექსანდრ სტოიანგლომ ხმების 25.98%  მიიღო.

შედეგებს მაია სანდუ სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ქვეყნის „ევროპული მომავალი ახლა კონსტიტუციით იქნება გამაგრებული“.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოლდოვაში 3 ნოემბერს გაიმართება.