ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი და „ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი“ უნდა გათავისუფლდეს.
„მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდე! უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!“ – წერს უილსონი.
დღესვე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ დაწერა, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა ივანიშვილის რეჟიმის ბრძოლაზე თავისუფლების წინააღმდეგ.
„მე მას მოვუყევი ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმისა და კორუფციული გარიგებების შესახებ CCP-სა და ირანის რეჟიმთან, რომელიც მის მკვლელობას გეგმავდა. მე ასევე გავუზიარე ჩვენი „საქართველოს მეგობრების“ წერილი“, – წერს კონგრესმენი ჯო უილსონი და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
„ბათუმელებმა“ დღეს გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს, ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“. გამოცემის ცნობით, მზია ამაღლობელის დაკავებაში ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა.
11 იანვრის საღამოს მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. პლაკატზე წერია: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე“. მანამდე ამავე საბაბით აქციაზე დააკავეს კიდევ 9 ადამიანი. რამდენიმე საათში დაკავებულთაგან 4 – მზია ამაღლობელი, თეონა ბერიძე, ციალა ქათამიძე და ნანა შავაძე გაათავისუფლეს. მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს.
მზია ამაღლობელისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროცესი ხვალ, 14 იანვარს 11:00 საათზეა ჩანიშნული.