უილსონი: ვგმობ რეიდებს, შემაშფოთებელია, რომ ეს არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა

პუბლიკა

ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ატლანტიკური საბჭოს ორი თბილისელი მკვლევრის სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებს ეხმაურება.

„საქართველოს პროკურატურის მიერ, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკის ჩატარება, შემაშფოთებელია.

ისინი არიან ატლანტიკური საბჭოს მკვლევრები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ რუსული დეზინფორმაციის გამოსავლენად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად.

გავიგე, რომ პროკურატურამ მკვლევრებს ელექტრონული აღჭურვილობა, მათ შორის, ქალბატონ გელავას შვილის კომპიუტერი ჩამოართვა.

ცალსახად ვგმობ რეიდებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ეს მოხდა კრიტიკულ ეროვნულ არჩევნებამდე ორი დღით ადრე.

დარწმუნებული ვარ, ჩხრეკა არანაირ შედეგს არ მოიტანს, გარდა იმისა, რომ დამტკიცდება – ქალბატონი ბუზიაშვილი და ქალბატონი გელავა თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან. პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მათი, ვინც პროკურატურაში ძალაუფლებას გადააჭარბა” – წერს უილსონი.

გუშინ თბილისსა და ქუთაისში ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა. გაჩხრიკეს „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლის, სოფო გელავას სახლი. წაიღეს მისი, მისი ქმრის, პარტია „ფედერალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ნონიაშვილისა და არასრულწლოვანი შვილის ლეპტოპები, ასევე –  ტელეფონები.

ჩხრეკა იყო კომპანია Concentrix-ის ოფისში. სოციალურ ქსელში მოქალაქე ონისე ცხადაძემ დაწერა, რომ გაჩხრიკეს მისი და მისი ძმის სახლი. ქუთაისში გაჩხრიკეს მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლი, მისი თქმით, მასთან ქოლცენტრები ახსენეს.

გარდა ამისა ჩხრეკა იყო ეთო ბუზიაშვილის სახლშიც, რომელიც Atlantic Council-ის მკვლევარია. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჩატარებული ჩხრეკები უკავშირდებოდა „ქოლცენტრების საქმიანობას”.

უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო ღონისძიებები წარიმართა „სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში“, თუმცა განცხადებაში ობიექტები ჩამოთვლილი არ არის. ამასთან უწყებაში არ აღნიშნავენ, ამ საქმის ფარგლებში ჩატარდა თუ არა ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკა. „პუბლიკა“ დეტალების გასარკვევად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ცდილობს დაკავშირებას.