უკანონია საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციის გამო - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველი ეხმიანება როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა მიმართვას, ასევე, სხვა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების საკითხს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება სამუშაო ადგილზე და საჯარო მოხელეებს ამ უფლებით სარგებლობის კონსტიტუციური უფლება აქვთ“.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ამ უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებთან და არ უნდა ატარებდეს თვითნებურ ხასიათს.

„სახალხო დამცველი ხაზს უსვამს თანასწორობის პრინციპის მნიშვნელობას და საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეახსენებს, რომ დაუშვებელი და უკანონია საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, ან მათთვის რაიმე სახის მითითების მიცემა დაკავებული პოზიციის საკუთარი სურვილით დატოვებასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და შეისწავლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო საჯარო მოხელეთა შრომის თავისუფლების შესაძლო დარღვევის ფაქტებს, ხოლო მოკვლევის შედეგების შესახებ აცნობებს საზოგადოებას“,- ნათქვამია განცხდებაში.

დღეს, თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა, გიგა სოფრომაძემ სახალხო დამცველს მიმართა დაიწყოს მოკვლევა, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების ნაწილის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადების პასუხად, მოქმედი თანამდებობის პირების მხრიდან მათ მიმართ, საჯაროდ და ღიად გამოხატულ მუქარასა და დაშინების მცდელობაზე, „რომელიც დღითიდღე პრაქტიკულ სახესაც იღებს“.

„ბატონო ლევან, გთხოვთ, დაინტერესდეთ ჩვენი განცხადების თითოეული ხელმომწერი პირის ირგვლივ შექმნილი ვითარებითა და იმ პირობებით, რაშიც მათ უწევთ მუშაობა საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების შემდეგ. მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი შეიცავს დისკრიმინაციის მკაფიო ნიშნებს, რაც არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე. ჩვენ შევქმნით საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა პროფესიულ გაერთიანებას და კანონით განსაზღვრული სხვა ფორმებით დავიცავთ თითოეული დასაქმებულის უფლებებს. ჩვენ ვრჩებით ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის, კონსტიტუციისა და იმ გაცხადებული კურსის ერთგულნი, რომელიც კონსტიტუციის დონეზე გვაქვს დაფიქსირებული”, – წერს გიგა სოფრომაძე.

თბილისის მერიის 200-ზე მეტი თანამშრომელი გაემიჯნა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას. მათ განცხადება 30 ნოემბერს გამოაქვეყნეს. განცხადებაზე ხელმომწერები თბილისის მერიის სხვადასხვა დეპარტამენტში მუშაობენ.

„კარგია, თვითლუსტრაციაა“,- ასე გამოეხმაურა თანამშრომლების განცხადებას კალაძე.

გიგა სოფრომაძე ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები და ასევე სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადება არის მუქარა და დაშინების მცდელობა.