უკანონო ბრძანებები არ გაცემულა, პოლიციელებს კი რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება ჰქონდათ - გახარია 20 ივნისის საქმის მასალებზე

პუბლიკა

„არცერთი უკანონო ბრძანება იქ არ გაცემულა. ამასთან ერთად ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ იმ პოლიციელებს, რომლებმაც შეიძლება თავდაცვის მიზნით გამოიყენეს რეზინის ტყვიები, მათაც ჰქონდათ ამის გამოყენების ლეგიტიმური უფლება“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ომბუდსმენის გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშს 20-21 ივნისის გამოძიებაზე, რომელშიც საუბარია მინისტრისა და შსს-ს მაღალჩინოსნების ჩვენებაზე, რომ რეზინის ტყვიები მეთოფეებმა საკუთარი ინიციატივით ისროლეს.

გიორგი გახარიას თქმით კი, ანგარიშში ახალი არაფერია და სახელმწიფოს ჰქონდა ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, ხოლო იყო თუ არა ეს პროპორციული ძალა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„გავეცანი დასკვნას და იქ ახალი ვერაფერი ვნახე. რამდენიმე ფაქტს მინდა ხაზი გავუსვა – ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, რაც ამ დასკვნამ დაადასტურა. პროპორციულობის ნაწილში ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ არის ცალკე აღებული, გარკვეული შემთხვევები ძალის გამოყენების, მაშინ არსებობს პროკურატურა, არსებობს სასამართლო. მოგეხსენებათ, რამდენიმე შემთხვევა სისხლის სამართლის დევნის, დაწყებულია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის შეფასებით, 20 ივნისს ხელისუფლებამ ქვეყანა თავდასხმისა და არეულობისგან დაიცვა. „პროპორციულობის ნაწილში ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არის გამოძიების საგანი. ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა და ჩვენ ყველამ ერთად მაშინ გადავარჩინეთ ქვეყანა, სახელმწიფო ინსტიტუტი თავდასხმისგან და გადავარჩინეთ დიდი არეულობისგან ქალაქიც და ჩვენი ქვეყნის მომავალიც“, – თქვა გიორგი გახარიამ.