უკანონო მოსმენები გამორიცხეთ, არ ხორციელდება - გომელაური გოგაშვილს პასუხობს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით სოსო გოგაშვილის განცხადებას უპასუხა.

შს მინისტრი გოგაშვილის ყველა ბრალდებას უარყოფს. აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილი ბიძინა ივანიშვილს არ იცნობს და მას მოქალაქეების მოსმენას ვერ დაავალებდა; რომ ძალოვანი უწყებები მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განჩინების საფუძველზე უსმენენ მოქალაქეებს.

„[გოგაშვილის განცხადება] ტყუილია, სიცრუეა სრული.

ბატონი ბიძინა ვერანაირად ვერ დაავალებდა, არ იცნობდა. როგორ წარმოგიდგენიათ, მე ვიყავი იქ ხელმძღვანელი, რატომ დაავალებდა ადამიანს, რომელსაც არ იცნობდა? ან როგორ დაავალებდა, ან რა უნდა დაევალებინა? ფიზიკურად არ იცნობდა ამ ადამიანს. მეც არაფერს არ მავალებდა, როგორ დამავალებდა მე? თვითონ რასაც ამბობს, ბატონ ბიძინასთან ვაგზავნიდი და კითხულობდაო – მე არ ვიცი, შვებულებაში ვიყავი? – ვუგზავნიდით ბატონ ბიძინას, პრემიერს და კობახიძესო. უკანონო მოსმენები გამორიცხეთ, არ ხორციელდება.

კანონით რაც არის, უამრავი ოპერატიული მასალა, რომელიც მოაქვს აგენტს, ამის წაკითვას ერთი კაცი ვერ აუვა. მე რომ ვიჯდე შს სამინისტროში და რა მასალაც შემოდის, ეს რომ ვიკითხო, მინიმუმ, სამი გომელაური უნდა იყოს, რომ ამდენი მასალა წაიკითხოს.

მუშაოვდება თემა, თუ არის მნიშვნელოვანი, შემდეგ ამოდის ხელმძღვანელთან. თუ რამე მნიშვნელოვანია, ავდივარ და პრემიერს ვახსენებ, ფურცლებს არ ვუგზავნი. ასე ხდება სუსშიც“, – ამბობს გომელაური.

ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ბექა მამარდაშვილი, რომელიც, გოგაშვილის თქმით, მას კრებსებს უგზავნიდა, უწყების თანამშრომელი იყო, თუმცა მას მოსმენებთან კავშირი არ აქვს.

„ჩვენთან [სუს-ში] მუშაობდა, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. მე რომ წამოვედი, მალე წავიდა. პროგრამისტი იყო ერთ-ერთი ძლიერი. ეხმარებოდა მომსახურების სააგენტოს, კამერების განახლებას, სახის ამომცნობს… მოსმენებთან შეხება არ ჰქონდა“, – განმარტა შს მინისტრმა.

გომელაურის თქმით, არ იცის, რატომ ამბობს იოსებ გოგაშვილი მის შესახებ ამდენ ტყუილს.

გომელაურისვე თქმით, არ სურს იმ მიზეზებზე საუბარი, რის გამოც გოგაშვილი სუს-იდან და „ოცნებიდან“ წავიდა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს.

პოსტში გოგაშვილი სუსის მიერ უკანონო მოსმენების სისტემას აღწერს.

ყოფილი მაღალჩინოსანი წერს, რომ „ქართული ოცნების“ დროს მოსმენების მასშტაბი გაიზარდა და უკანონო მოსმენაში, დაახლოებით, 2 000 ოპერატიული მუშაკია ჩართული. ისმინება GSM(გლობალური სისტემის მობილური კომუნიკაციების ქსელები), ასევე, ვირუსების საშუალებით, აპლიკაციები, კომპიუტერები. გოგაშვილი წერს, რომ შესაძლებელია, ოფისების აღჭურვაც.

„კონტროლდება პრეზიდენტის ოფისი, ოპოზიციური პარტიების ოფისები, NGO-ების, საერთაშორისო მისიების, რელიგიური კონფესიებისა და ა.შ“, – წერს გოგაშვილი.

სოსო გოგაშვილის მტკიცებით, მოსმენის შედეგები ყოველდღიურად მიეწოდება „ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, ასევე ირაკლი კობახიძესა და პრემიერ-მინისტრს.

გოგაშვილი ასევე წერს, რომ ოპერატიულ-ტექნიკურ განყოფილებას ამოწმებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თუმცა ეს შემოწმება სუს-ის ხელმძღვანელობასთან წინასწარაა შეთანხმებული და ამ დროს მოსმენები ჩერდება.