უკანონოდ გათავისუფლებული 2 სოციალური მუშაკი სამსახურში აღადგინეს - საია

პუბლიკა

სოციალური მომსახურების სააგენტოდან გათავისუფლებულმა ორმა სოციალურმა მუშაკმა, რომლებიც ქუთაისისა და თელავის საქალაქო სასამართლოებში დავობდნენ, საქმეები მოიგეს – ამის შესახებ ინფორმაციას „ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს“. ორგანიზაციის ცნობით, მოპასუხე მხარემ სოციალური მუშაკები აღადგინა სამსახურში და აუნაზღაურა განაცდური.

„სასამართლოებმა მათი მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილეს – ბათილად ცნეს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები. მოპასუხეს ასევე დაევალა სოციალური მუშაკების სამსახურში აღდგენა და გათავისუფლებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. პირველი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები მოპასუხემ ზემდგომ ინსტანციებში აღარ გაასაჩივრა, სოციალური მუშაკები აღადგინა სამსახურში და აუნაზღაურა განაცდური“, – აცხადებს საია.

საიას განცხადებით, მათი სამსახურიდან გათავისუფლება სოციალური მომსახურების სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდგომ მოხდა. რეორგანიზაციის შედეგად, მეურვეობისა და მზრუნველობის უფლება-მოვალეობები გადაეცა სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. ცვლილებების თანახმად, ზრუნვის სააგენტოს, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველეყო სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. ამის მიუხედავად, არაერთი სოციალური მუშაკი სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს.


2020 წლის 29 იანვარს „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ ინფორმაციით, 33 სოციალურ მუშაკს გათავისუფლების შესახებ მოულოდნელი შეტყობინება მიუვიდა სოციალური მომსახურების სააგენტოდან გაგზავნილ შეტყობინებაში ეწერა, რომ ისინი გათავისუფლდნენ და 1 თებერვლიდან  შრომითი ხელშეკრულება შეუწყდებოდათ. სოცმუშაკების გათავისუფლების  მიზეზად უწყება რეორგანიზაციას ასახელებდა. გათავისუფლებისთვის კი ეს მიზეზი ბუნდოვანი იყო და სააგენტოსგან დასაბუთებულ პასუხს ითხოვენ –  კონკრეტულად რატომ, რის საფუძველზე  დაატოვებინეს სამსახური. გათავისუფლებულთა დიდმა ნაწილმა სასამართლო დავა დაიწყო. ნაწილის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლომ დააკმაყოფილა.