უკანონოდ გათავისუფლებული სოცმუშაკი სააგენტოში დასაქმდა, აუნაზღაურდა 4 თვის განაცდური - საია

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, სოციალური მომსახურების სააგენტოდან უკანონოდ გათავისუფლებული სოციალური მუშაკი, მორიგების საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვისა და დახმარების სააგენტოში დასაქმდა და აუნაზღაურდა 4 თვის იძულებითი განაცდური.

„2020 წლის დასაწყისში სოციალური მომსახურების სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდგომ, მეურვეობისა და მზრუნველობის უფლება-მოვალეობები გადაეცა სსიპ –  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. ცვლილებების შესაბამისად,  ზრუნვის სააგენტოს, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველეყო სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. ამის მიუხედავად, სოციალური მუშაკი სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით დაუსაბუთებლად გათავისუფლდა.

გათავისუფლების ბრძანება გასაჩივრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. დავის მიმდინარეობისას, სოციალურ მუშაკსა და სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის შედგა მორიგება. სოციალური მუშაკი უკონკურსოდ, უვადოდ დასაქმდა  სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში და აუნაზღაურდა 4 თვის იძულებითი განაცდური”, – ნათქვამია განცხადებაში.