„უხამსი სიტყვების გამოყენება ნაცმოძრაობის პიარული ხაზია“ - კობახიძე სამხარაძეზე

პუბლიკა

„უხამსობა, მათ შორის ტელეეთერებში ამ პოლიტიკური ძალის (ვგულისხმობ ნაცმოძრაობას) და მისი მედიასაშუალებების ერთ-ერთი პიარული ხაზია“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

ჟურნალისტმა მას გუშინ, 3 ივლისს, „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეების მიმართ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის გინებაზე დაუსვა შეკითხვა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უხამსი სიტყვების გამოყენება არის ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული მოვლენა და ამას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ტელევიზიები აკეთებს“.  მისივე განცხადებით, ამ თემაზე მეტი საუბარი არ სურს.

„დიტო სამხარაძემ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. მან ბოდიში მოიხადა და ამით არის ყველაფერი ნათქვამი. ჩვენი დამოკიდებულება გამოხატვის ფორმების მიმართ არის ცნობილი. ჩვენ ყოველთვის ამაზე ვაპელირებდით. თუმცა, მე თქვენ მინდა შეგახსენოთ, რომ რაც შეეხება უხამსი სიტყვების გამოყენებას, უხამსობას მათ შორის ტელეეთერებში – ეს ამ პოლიტიკური ძალის, ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას“ და მისი მედიასაშუალებების ერთ-ერთი პიარული ხაზია. ჩვენ ამ ხაზს ყოველთვის ვაპროტესტებდით, წლების მანძილზე, განსაკუთრებით, 2018 წლის შემდეგ. თუმცა ამ პროტესტს რეაგირება არ მოჰყოლია.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნებისმიერი უხამსობა, ბილწსიტყვაობა, მით უმეტესს ამის ჩვეულებრივ მოვლენად ქცევა, არის ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული მოვლენა და ამას აკეთებთ თქვენ, ამას აკეთებს თქვენი პარტია და თქვენი ტელევიზიები“, – თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ გუშინ, 3 ივლისს „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა.