„უხამსობის“ ცნება არ არის ევროდირექტივის ნაწილი - ევროკავშირის წარმომადგენლობა

პუბლიკა

„რაც შეეხება „უხამსობის“ ცნებას, ის არ არის დირექტივის ნაწილი და არ არის საჭირო დირექტივის მიხედვით ამის რეგულირება“, – აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ევროკავშირის წარმომადგებლობამ შესაბამისი განცხადება „პუბლიკას“ მიაწოდა.

ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოსთან კომუნიკაცია კანონის შესახებ მართლაც ჰქონდა, თუმცა ევროდირექტივა არ მოიცავდა „უხამსობის რეგულირებას“.

„ჩვეულებრივ, ევროკავშირის დირექტივები არ კარნახობს ზუსტ წესს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ისინი, სანაცვლოდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ თავისუფლება გადაწყვეტილების მიღებისას, თუ როგორ გადაიტანონ დირექტივები ეროვნულ კანონმდებლობაში. საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით ახლა, როცა ის გაფართოების გზაზეა, ის გარკვეულ დებულებებსა და პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს.

არასრულწლოვანთა დაცვის და სიძულვილის ენის რეგულირება აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივის (AVMSD) არსებითი ელემენტია, რომელსაც საქართველო უნდა შეუერთდეს, განსაკუთრებით ახლა, როცა ევროკავშირი გაფართოების გზაზეა. ასევე, „კრეატიული ევროპის პროგრამაში“ მონაწილეობის გასაგრძელებლად, საქართველო უნდა შეესაბამებოდეს დირექტივის კონკრეტულ დებულებებს.

ევროკომისიასთან კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ეხება ამ საკითხს, კერძოდ, არასრულწლოვანთა დაცვისა და სიძულვილის ენის შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობებს.

სამოქალაქო საზოგადოებამ და მედიის მრავალმა ავტორიტეტულმა წარმომადგენელმა შეშფოთება გამოხატა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს მარეგულირებლის დამოუკიდებლობა.

ქართულ მხარესთან კონსულტაციების დროს ევროკომისია ყოველთვის ხაზს უსვამდა მარეგულირებლის ეფექტურ დამოუკიდებლობაზე შემდგომი მუშაობის აუცილებლობას. ჩვენ გვესმის, რომ საქართველომ აიღო ვალდებულება გააგრძელოს ასეთი სამუშაო.

ევროკომისია გააგრძელებს მაუწყებლობის შესახებ კანონის მჭიდრო მონიტორინგს და მზად იქნება საქართველოს დაეხმაროს.

რაც შეეხება „უხამსობის“ ცნებას, ის არ არის დირექტივის ნაწილი და არ არის საჭირო დირექტივის მიხედვით ამის რეგულირება. ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ დიალოგი გაიმართება დაინტერესებულ მხარეებთან მის გამოყენებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.


პროექტი ევროკომისიასთან კომუნიკაციით შემუშავდა და კანონპროექტი სიტყვასიტყვით ისე იყო გაწერილი, როგორც ევროკომისიასთან კომუნიკაცია იყო – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 26 ოქტომბერს.

„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილებების მიხედვით, რეგულირების სფეროში ექცევა სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების, უხამსობის შემცველი პროგრამა და რეკლამა.

სამოქალაქო ორგანიზაციები პრეზიდენტს მოუწოდებენ, კანონზე ვეტო გამოიყენოს.