„უხამსობის რეგულირება" — პარლამენტი ცვლილებებს დღეს II მოსმენით განიხილავს 

პუბლიკა

დღეს, 19 ოქტომბერს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს ცვლილებებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომელიც მედიისთვის საფრთხე შეიცავს. კანონპროექტი I მოსმენით „ქართულმა ოცნებამ” 18 ოქტომბერს დაამტკიცა.

მმართველი გუნდი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იღებს.

მთავარი ცვლილება, რომელიც მედიისთვის საფრთხის შემცველია, გულისხმობს „უხამსობისთვის” პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასევე, კომუნიკაციების კომისიას ენიჭება მასზე რეაგირების უფლებამოსილება. 

„ქართული ოცნება” ამბობს, რომ ცვლილებების შეტანის მოტივაცია ევროკავშირის 12 პუნქტიდან მეშვიდეს შესრულებაა. მე-7 პუნქტი ამბობს: „უფრო ძლიერი ძალისხმევის გაწევა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის ფაქტებზე”.

კანონპროექტის წარმდგენი „ქართული ოცნების” დეპუტატი, დავით სონღულაშვილია. მან კანონპროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას დეტალებზე არ ილაპარაკა. მხოლოდ თქვა, რომ თუ კანონი ამ ფორმულირებით არ დამტკიცდება, საფრთხე ექმნება „საქართველოს პროგრამას „შემოქმედებითი ევროპის“ მედიის ნაწილს”.

კიდევ ერთმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, ბექა ოდიშარიამ თქვა:

„გაინტერესებთ, სიძულვილის ენა რა არის? აგიხსნით – სიძულვილის ენაა, როგორც ოპოზიციის ფლანგი პრეზიდენტს მოიხსენიებდა. სიძულვილის ენაა, ბატონი გვარამია, პრეზიდენტის დღევანდელი დამცველი, წლების განმავლობაში როგორც მოიხსენიებდა საქართველოს პრეზიდენტს. ამას სიძულვილის კი არა, გაუგონარი ენა ერქვა. არ უნდა შეიზღუდოს ეს? თქვენ გგონიათ, საზოგადოების დაკვეთა ეს არ გახლავთ? ნამდვილად გახლავთ”.

თუმცა, კანონპროექტის კრიტიკოსები ამბობენ, რომ აღნინული ცვლილებები აუარესებს მედიაგარემოს, „ქართული ოცნება” კი ქვეყანაში არსებულ ვითარებას და კონტექსტს საერთოდ არ ითვალისწინებს.

„მედიაკოალიციის” წარმომადგენლის, მამუკა ანდღულაძის თქმით:

„ნებისმიერ ცვლილებაში, რომელსაც ახორციელებ, თუნდაც ეს იყოს საერთაშორისო ვალდებულების შესრულება, კონტექსტი მნიშვნელოვანია და ევროდირექტივაც იძლევა ამის საშუალებას. მნიშვნელოვანია, რომ მედიასთან კონსულტაციის გარეშე ეს ნაბიჯი არ გადაიდგას. ეს არის ანი და ბანი ნებისმიერი რეგულაციისა, რომელიც მედიას შეეხება”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, ხატია ღოღობერიძე ამბობს:

„უხამსობის რეგულირება ძალიან დიდი საფრთხეა, ვინაიდან ეს არის ძალიან ზოგადი ცნება. ძალიან ბევრი რამ შეიძლება, მოექცეს ამის ფარგლებში და შედეგად, ძალიან ბევრი მედია დაზარალდეს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მედია-ლანდშაფტს, სადაც ისედაც კრიტიკული ვითარებაა კრიტიკული მედიის შემთხვევაში, ვგულისხმობ ფინანსებს. მარეგულირებლის მხრიდან დაჯარიმება მათ მუშაობაზე აისახება”.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი?

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში ისედაც გვაქვს მუხლი – „სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვაზე”.

აღნიშნული მუხლი ადგენს, რომ აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი რეგულაციით, მაუწყებლის მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება არ აქვს მიმართოს კომუნიკაციების კომისიას თუ საკითხი ეხება ზემოთ აღნიშნულ 55მუხლს.

პარლამენტში ამჟამად ინიციირებული და პირველი მოსმენით მხარდაჭერილი პროექტი კი სწორედ ამ წესს ცვლის.

კერძოდ, დაინტერესებულ პირს უფლება ექნება, ამ კანონის 552  მუხლის დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების [ანუ გასაჩივრების შიდა მექანიზმი] ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს კომისიაში.

კომისია კი უფლებამოსილი იქნება, „ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის შემთხვევაში” რეაგირება განახორციელოს ამ კანონის IX თავით დადგენილი წესით.

„უხამსობის რეგულირება”

გარდა ზემოთ აღნიშნული ცვლილებებისა, პარლამენტის ვებგვერდზე ატვირთული პროექტი ასევე ითვალისწინებს კანონში „უხამსობის შესახებ” ჩანაწერის ისე შეცვლას, რომ მასზე პასუხისმგებელ უწყებად კომუნიკაციების კომისია განისაზღვრება.

56 პრიმა მუხლში გაჩნდება ჩანაწერი – „იკრძალება ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას”.

ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, „უხამსობის შემცველი” პროგრამის/რეკლამის განთავსებაზე რეაგირების უფლებას იღებს კომუნიკაციების კომისია. რეაგირების პროცედურები კი გაწერილია „ანგარიშვალდებულებისა და სანქციების” თავში.