პარლამენტმა „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით, 79 ხმით 4-ის წინააღმდეგ, მიიღო.
აღნიშნული პროექტი კრიტიკის საგანია მედიასაშუალებებისა თუ მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან, ვინაიდან პროექტით, „იზრდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება, მათ შორის სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით”.
მედიაკოალიცია აღნიშნავს, რომ მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების კონცენტრაცია ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. კოალიცია მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები არ მიიღოს მაუწყებლებთან კონსულტაციისა და ფართო კონსენსუსის გარეშე.
რას ითვალისწინებს კანონპროექტი?
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში ისედაც გვაქვს მუხლი – „სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვაზე”.
აღნიშნული მუხლი ადგენს, რომ აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი რეგულაციით, მაუწყებლის მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება არ აქვს მიმართოს კომუნიკაციების კომისიას თუ საკითხი ეხება ზემოთ აღნიშნულ 552 მუხლს.
პარლამენტში ამჟამად ინიციირებული და პირველი მოსმენით მხარდაჭერილი პროექტი კი სწორედ ამ წესს ცვლის.
კერძოდ, დაინტერესებულ პირს უფლება ექნება, ამ კანონის 552 მუხლის დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების [ანუ გასაჩივრების შიდა მექანიზმი] ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს კომისიაში.
კომისია კი უფლებამოსილი იქნება, „ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის შემთხვევაში” რეაგირება განახორციელოს ამ კანონის IX თავით დადგენილი წესით.
„უხამსობის რეგულირება”
გარდა ზემოთ აღნიშნული ცვლილებებისა, პარლამენტის ვებგვერდზე ატვირთული პროექტი ასევე ითვალისწინებს კანონში „უხამსობის შესახებ” ჩანაწერის ისე შეცვლას, რომ მასზე პასუხისმგებელ უწყებად კომუნიკაციების კომისია განისაზღვრება.
უფრო კონკრეტულად კი, პროექტით საკითხი თვითრეგულირებიდან კომისიის მიერ რეგულირებად ნაწილში გადავიდა.
56 პრიმა მუხლში გაჩნდება ჩანაწერი – „იკრძალება ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას”.
ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, „უხამსობის შემცველი” პროგრამის/რეკლამის განთავსებაზე რეაგირების უფლებას იღებს კომუნიკაციების კომისია. რეაგირების პროცედურები კი გაწერილია „ანგარიშვალდებულებისა და სანქციების” თავში.
„საფრთხე მედიის თავისუფლებისთვის”, – ასე აფასებს ცვლილებებს უფლებებზე მომუშავე იურისტი ედუარდ მარიკაშვილი:
„განგაშის ზარია შემოსაკვრელი!
სიძულვილის ენის სახელმწიფო რეგულირებას, უცებ უხამსობის რეგულირება დაამატეს და პირველი მოსმენით მიიღეს ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში. უხამსობის რეგულირების საკითხი ინიციირებულ ვერსიაში არ იყო, პირველი მოსმენით მიღების წინ ჩაემატა.
დიდი საფრთხეა ეს მედიის თავისუფლებისთვის!” – წერს ის.
აღსანიშნავია, რომ ეს ჩანაწერი პროექტის ინიციირებულ ვერსიაში არ წერია, მას მხოლოდ პირველი მოსმენით მიღებულ ვერსიაში ვხედავთ.
„მაუწყებლობის შესახებ” კანონოს მიხედვით, უხამსობა განმარტებულია, როგორც – „ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება”.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში მმართველმა პარტიამ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების მუხლზე მიიღო მსგავსი ცვლილება და ამის საფუძველზე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას რეაგირების უფლება მიენიჭა.
კანონის მიღებიდან რამდენიმე თვეში კი მმართველმა ძალამ ეს ინიციატივა თავადვე წაიღო უკან – მოამზადა ახალი კანონპროექტი, რის მიხედვითაც კომისიას ისევ ჩამოართვეს სიძულვილის ენის შემთხვევებზე რეაგირების უფლებამოსილება.