უხერხულია, როდესაც ქალბატონი თეა არ ესწრება სხდომას, მასზე საუბარი - ოხანაშვილი ელისაშვილს

პუბლიკა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თეა წულუკიანის შესახებ ალეკო ელისაშვილის განცხადებას პლენარულ სხდომაზე ტრიბუნიდან გამოეხმაურა.

„ბატონო ალეკო, სულ მცირე უხერხულია, როდესაც ქალბატონი თეა არ ესწრება სხდომას, მასზე საუბარი, ეს ერთი. მეორე – იმ ტონში საუბარი და იმაზე, რაზეც თქვენ პრეტენზიას გამოთქვამთ“, – მიმართა მან „მოქალაქეების“ ლიდერს.

ანრი ოხანაშვილმა მოიყვანა სტრასბურგის ადამიანის ევროპული სასამართლოსადმი მიმართვიანობის სტატისტიკა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უნდა გააკეთოს დასკვნა, რა მდგომარეობაა სასამართლო რეფორმის შემდეგ ქვეყანაში.

„2011 წელს საქართველოდან სტრასბურგში წარდგენილი იყო 395 საჩივარი შესაძლო უფლებების დარღვევაზე; 2012 წელს 367 საჩივარი;  2019 წელს წარდგენილი იქნა სულ 130 საჩივარი. ეს არის სხვაობა მაშინდელ სასამართლოსა და დღევანდელ სასამართლოს შორის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მან სასამართლოში გატარებულ რეფომებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, რეფორმის მე-4 ტალღა საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის მხირდან შეფასდა, როგორც „მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი სასამართლო სისტემის შემდგომი გაძლიერებისა და გაჯანსაღებისთვის“.

ალეკო ელისაშვილმა ოხანაშვილს უპასუხა, რომ უხერხულობას ვერ გრძნობს, რადგან მან გააკრიტიკა მაღალი თანამდებობის პირი.


ალეკო ელისაშვილმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის შესახებ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, მას „შერცხვენილი მინისტრი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ღატაკ“ ქვეყანაში მისთვის ცალკე სამინისტრო არ უნდა იქმნებოდეს და პანდემიით დაზარალებული ქვეყანა კულტურის სამინისტროსა და კომიტეტისთვის ხარჯებს არ უნდა ზრდიდეს.