„როგორც ვიცი, უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ დაინიშნა ადამიანი, რომელიც მხილებულია და ბრალდებულია მიხეილ სააკაშვილის არაჟნებთან ერთად საქართველოში შემოპარების საქმეში. ეს უხერხულობა, ყველაზე რბილად რომ ვთქვა, არსებობს“, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძეს შეკითხვა უკრაინის კონტრდაზვერის დირექტორის მოადგილედ გიორგი ლორთქიფანიძის დანიშვნის შესახებ დაუსვეს.
გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა 2021 წლის დეკემბერში დაიწყო.
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის მსხვერპლ უკრაინასთან ახლა ამ საკითხის გარჩევას არ აპირებენ.
„დღეს ჩვენ იმ ქვეყანასთან, რომელიც რუსეთის აგრესიის ღია და საოკუპაციო აგრესიის ობიექტი, ამ თემის გარჩევას და გარკვევას არ ვაპირებთ. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ თემებზე ვისაუბროთ, ამის დრო ახლა არ არის.
თუმცა გასაგებია ყველაფერი: გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღიარა, რომ [უკრაინის პრეზიდენტის] ადმინისტრაციასთან პირდაპირი კონტაქტი აქვთ დილას, შუადღეს, საღამოს; შემდეგ „ლელოს“ წევრები მათ შეთანხმებულ და დალაგებულ ინიციატივებს აყენებენ; გასაგებია, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებად ინიშნებიან ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ისეთი თანამზრახველები არიან, რომ მასთან ერთად იმხილებიან კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებში, მაგრამ ჩვენ ამ საქმის და ამბების გარკვევას უკრაინასთან ნამდვილად არ ვაპირებთ, პირიქით, მხარს ვუჭერთ ამ ადამიანებს, მათ დღეს არ სჭირდებათ რაღაც საქმეების სიღღმეების შესვლა, სჭირდება მხარდაჭერა, რასაც ურყევად გამოვხატავთ მსოფლიოში ყველა პლატფორმაზე და ჰუმანიტარული მხრიდანაც“, – განაცხადა მდინარაძემ.