„უხერხულობას უნდა ქმნიდეს, არამხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ჩემი შვილი მოკვდა" - გიგა ოთხოზორიას დედა ფრენებზე

პუბლიკა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს 7 წელი გავიდა. აფხაზეთიდან დევნილი ზუგდიდში მცხოვრები ოთხოზორია, ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი ოღლიმ, ხურჩაში, გამყოფ ხაზთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 2016 წლის 19 მაისს მოკლა და მიიმალა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ამ 7 წლის განმავლობაში იმედით ვცოცხლობ, მიუხედავად იმისა, რომ ვერანაირ სამართალს ვერ ვხედავ. ახლა კი მგონია, რომ კიდევ უფრო გაჭირდება მისი პოვნა და მიღწევა. ახლა ამ იმედის ნაპერწკალი გამიქრა”, – ასე უპასუხა გიგა ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ რა მოლოდინი აქვს მისი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, რუსეთიდან პირველი თვითმფრინავის სწორედ დღევანდელ დღეს ჩამოფრენა უხერხულობას უნდა ქმნიდეს. მისი კომენტარის წერილობით ვერსიას „რადიოათინათი” ავრცელებს.

„დღეს ჩემს შვილთან ერთად დავტირი ყველა იმ ახალგაზრდას, რომლებიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა. ცოტა გასაკვირია, რომ რუსებს ზარ-ზეიმით დავხვდით. დღეს რომ პირველად ჩამოვაფრენთ რუსეთის თვითმფრინავს, რომელსაც, სავარაუდოდ, დელეგაცია ჩამოჰყვება, რომელსაც, ალბათ, ჩვენები დახვდებიან. რატომღაც მგონია, რომ ცოტა უხერხულობას უნდა ქმნიდეს, არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა, არა. საერთოდ თუკი დადებითად ჩათვლის ვინმე ამ მოვლენას, მაგათ მგონია, რომ უხერხული მომენტი უნდა ჰქონდეთ”, – თქვა ჯულიეტა ჭანტურიამ.