უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გაძლიერდეს ვაქცინაციის პროცესი - NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, დროის მოკლე პერიოდში მაქსიმალურად გაძლიერდეს ვაქცინაციის პროცესი.

როგორც ცენტრში ამბობენ, COVID-ინფექციის გავრცელებისა და ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის, შედეგად კი, სიკვდილიანობის შემცირების ძირითადი გზა სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობის მაქსიმალური ზრდაა.

„მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის კამპანიაში მაქსიმალურად ჩაერთოს სამთავრობო და კერძო სექტორი, ფარმაცევტული, სავაჭრო, სამრეწველო, საბანკო, სამასპინძლო, საგანმანათლებლო და სხვა სექტორები, რათა თანდათან სულ უფრო მეტი ორგანიზაცია გახდეს „COVID-უსაფრთხო“.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზად არის, ჩაატაროს დამატებითი საინფორმაციო ონლაინშეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომელთათვის და ამომწურავი პასუხი გასცეს მათ ყველა შეკითხვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრის ინფორმაციით, დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს.