„უკიდურესად საზიანო იქნება“ - პრეზიდენტმა რუსულ კანონპროექტზე გაეროს ფორუმზეც ისაუბრა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში, 6 მარტს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის კომისიის 67-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მან უმრავლესობის მიერ მომზადებულ რუსულ კანონპროექტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„ახლახან გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება და რომელიც მისი ჭეშმარიტად ტრანსფორმაციული ფუნქციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმთავრესია, რათა ქალთა ხმა უკეთესად იყოს გაგონილი.

ამ მხრივ, ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, [ და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ], უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის.

აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის მიმართ მე ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე და ვიყენებ ამ შემთხვევას, რომ ჩემი პოზიცია აქაც დავაფიქსირო, ” – თქვა მან.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.